არჩევნები 2021

ვინ იძლევა TBILISI PRIDE-ს ჩატარების გარანტიას – ოპოზიციური პარტიების პასუხები

არჩევნები 2021

ვინ იძლევა TBILISI PRIDE-ს ჩატარების გარანტიას – ოპოზიციური პარტიების პასუხები

5 ივლისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რომ საქართველოში სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ცხოვრობენ სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკების ქვეშ და მათი უფლებრივი მდგომარეობა და თავად არსებობაც კი, სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებისთვის.

თბილისი პრაიდის გამართვასთან დაკავშირებული პოზიცია იქცა ერთგვარ ტესტად, რომელიც საჭიროა გამოსარკვევად, ემხრობა ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლებას ყველასთვის, მზად არის დემოკრატიულ ღირებულებებს უერთგულოს შესაძლო ელექტორალური ზიანის მიუხედავად თუ არა.

ქალაქის ქუჩებში ამ დრომდე დაუსჯელი, მასობრივი და უკონტროლო დარბევების, პუტინისტური ჯგუფების თარეშისა და LGBTQ პირებზე საჯარო ნადირობის მეორე დღეს, რამდენიმე პარტიამ 6 ივლისს მდუმარე აქცია- თავისუფლებისთვის გაიმართა - მათი ორგანიზატორები იყვნენ გირჩი - მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, დროა და ლელო. აქციას არ შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა პარტიის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა აქციაზე.

ტაბულამ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების წინ კვლავ მიმართა კითხვით - იძლევიან თუ არა პირობას, რომ მათ ხელში ძალაუფლების აღმოჩენის შემთხვევაში, თბილისი პრაიდის ჩატარებას უზრუნველყოფენ. პარტიების ნაწილმა პირდაპირი ციტატის მოცემას თავი აარიდა, მიუხედავად ამისა, მათ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის პირობა დადეს.

ტაბულასთან საუბარში Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. თაბაგარის შეფასებით, მით უმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის შემთხვევაში ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.

ამიტომ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და იმედი გვაქვს, რომ კოალიციური მთავრობა იქნება ის გამოსავალი, რომელიც გააუმჯობესებს ქვიარ ადამიანების მდგომარეობას ამ ქვეყანაში. ეს ეხება როგორც პრაიდის ჩატარებას, ისე უმცირესობების პრობლემების მოგვარებას. მჯერა, რომ უფრო მეტი საღი აზრი არსებობს ოპოზიციაში. უფრო გახსნილები არიან რაღაც საკითხების მიმართ. ასევე, კოალიციური მთავრობის პირობებში ეჭვი არ გვეპარება რომ იქნება იმის რესურსი, რომ ადამიანებმა უფრო თანასწორად იგრძნონ თავი ამ ქვეყანაში, ვიდრე იმ მმართველობის პირობებში, სადაც დღეს გვიწევს ცხოვრება”. - ამბობს გიორგი თაბაგარი.

ტაბულამ ამ კითხვით მიმართა ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიის, დროას, მესამე ძალის და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერებსა და ახალ სახეებს. ყველა მათგანმა ჩვენთან თქვა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში უმცირესობების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და სახელმწიფომ ძალადობა არ უნდა დაუშვას.

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ნიშნით ადამიანების დაყოფა და ზოგის პრივილეგირებულად ქცევა, ადამიანების დისკრიმინაცია, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ფორმით. ვის რა მოსწონს და რა არ მოსწონს, ეს არაა მთავარი. მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული, იყოს თანასწორობა და ვისაც სურს თავისი თავის გამოხატვა, გამოხატოს უპრობლემოდ, კანონი იყოს დაცული, მათი უსაფრთხოება იყოს დაცული, მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მათ შეეძლოთ გამოხატონ თავისი თავი”. - ამბობს ნიკა ობოლაძე.

მისივე თქმით, “ასე უნდა იყოს მოწყობილი ქვეყანა, მათ შორის ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაშიც”.

თანაგუნდელის აზრს იზიარებს ენმ-ის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე და აცხადებს, რომ LGBTQ ადამიანების უფლებები დაცული უნდა იყოს.

მე ძალიან ვმეგობრობ ბევრ მათგანთან და მივესალმები იმას, რომ მათ იცხოვრონ თავისუფლად ქვეყანაში, სადაც შეეძლებათ იყვნენ ისე, როგორც მათ სურთ”.- ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ტაბულამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო ოპოზიციის თბილისის მერობის კოორდინირებულ კანდიდატ, ნიკა მელიასთან გასაუბრება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დაწერა, რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ პუტინისტური ჯგუფების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვების დარბევისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ძალადობრივ ჯგუფებს.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი და ჩუღირეთში ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამოსავალი პრინციპი არის ადამიანის უფლებების საყოველთაოობა. ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მიუღებელი შეიძლება იყოს, ან მოსაწონი არ იყოს, ან მხარს არ უჭერდეს მოქალაქეების დიდი ნაწილი თუნდაც, მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანის უფლება გამოხატვის ნაწილში უნდა იყოს დაცული. მათ შორის თბილის პრაიდთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი, რასაც სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს ხელისუფლება არ აკეთებს, იმიტომ, რომ შერჩევითად უდგება ადამიანის უფლებების შინაარსს”.- ამბობს გიორგი ნონიაშვილი და აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველო მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს იცავდა და ასე გააგრძელებს.

ეს მარტო თბილისი პრაიდს არ მიემართება, ნებისმიერ ჯგუფს ვგულისხმობ, იგივე ეს პრობლემები შეიძლება იყოს რელიგიურ უმცირესობების გამოხატვასთან დაკავშირებით და ყოველთვის ეს მიდგომა ჰქონდა, რომ ადამიანის უფლებები არის ფუნდამენტური ამოსავალი პრინციპი ჩვენი პარტიისთვის და შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც ეს მიდგომა გაგრძელდება”. - ამბობს ნონიაშვილი.

გირჩი - მეტი თავისუფლება

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა ადამიანის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს მთავრობამ, მათ შორის ფაშისტების და კომუნისტების. მისივე თქმით, საფუძლიანი ეჭვია იმის, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების და დაორგანიზებული ძალადობის უკან ხელისუფლება დგას.

ტაბულა ოპოზიციის ნაწილის ვიცე-მერობის კანდიდატს ცოტნე კობერიძესაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ თბილისი პრაიდის ჩატარების გარანტიის გაცემა ბერკეტებს მოითხოვს, თუმცა, აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად თავის პოლიტიკურ კაპიტალს გამოიყენებს.

ცხადია, ვიცე-მერობის სტატუსი დამეხმარება, კიდევ მეტი ხმა და წონა ჰქონდეს ჩემს პოლიტიკურ პოზიციას. ნეტა მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ამაზე გარანტია გავცე. მინიმუმ რაღაც პრემიერმინისტრი უნდა ვიყო ან შს მინისტრი ან მსგავსი, რომ ჩემი პოლიტიკური სტატუსი ეყოს. ჩემს ქალაქში ადამიანს დაუშალო გამოხატვა, ეს არის ჩემი პრობლემა და ცხადია, რა ხელისუფლებაც იქნება, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ წავალ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამ უფლების დაცვას”.- ამბობს ცოტნე კობერიძე.

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტიის თბილსის მერობის კანდიდატი, მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, რომ მერს დიდი პასუხიმგებლობა ეკისრება და საკმარისი წონა აქვს იმისთვის, რომ ადამიანები ძალადობისგან დაიცვას. მისივე აზრით, ყველა ადამიანის მიმართ კანონის აღსრულება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

ქუსმიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თბილისი პრაიდის ჩატარება გადაწყდება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს.

რა თქმა უნდა, ძალადობის ფაქტები უნდა იყოს დაგმობილი, ყველა მოძალადის ადგილი საბოლოო ჯამში არის ციხეში და სამწუხაროდ, აი, ამ კუთხით არაფერი არ გაუკეთებია კახი კალაძეს. 5-6 ივლისის მოვლენების შესაფასებლადაც კი ადეკვატური რეაქცია არ გამოუვლენია და ასეთ არაადეკვატურ პოზიციას ნამდვილად არ გავაჟღერებ. პირიქით, მივესალმები თუ ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში იქნება დაცული”.- თქვა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, თუ თბილისი პრაიდის წევრები მარშის ჩატარებას გადაწყვეტენ, დაუჭერს თუ არა მათ მხარს, როგორც მერი, ქუმსიშვილი პასუხობს, რომ “ინდივიდებს არ გამოარჩევს და მხარს უჭერს კანონის აღსრულებას”.

რაც კანონს არ ეწინააღმდეგება და მით უმეტეს, მშვიდობიანი მსვლელობაა, პირიქით, ვინც ამის წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდებით გამოვა, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. დანარჩენი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს და ეს არ უნდა გადაიზარდოს სხვის შეურაცხყოფაში და კანონის ფარგლებში რაც იქნება, პირიქით, მე მხარს დავუჭერ ყველაფერს”.- ამბობს ქუმსიშვილი.

დროა

წლებია, დროას ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისი პრაიდს მხარს უჭერს. მისი თქმით, კანონის აღსრულება ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ხოშტარია აღნიშნავს, რომ თბილისი პრაიდი დღეს დაჩაგრულია.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფი სარგებლობდეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.

მოგების შემთხვევაში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ იმათი უფლებები კი არ უნდა დავიცვათ, ვინც ჩვენთვის ახლოა. ბუნებრივია, რომ ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე თბილისი პრაიდს ექნება მოლოდინი, რომ მე მათ უფლებებს დავიცავ, იმიტომ, რომ დამიცავს, მაგრამ იმ ჯგუფებსაც უნდა ჰქონდეთ, რომელსაც მე არ მოვწონვარ, პრორუსულ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, მიუხედავად იმისა, რომ მე მათი პოზიცია კატეგორიულად არ მომწონს, რომ მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება დაცული. მთელი არსი ეს არის, რომ ყველანაირი განსხვავების, თუ ეს არ არის ძალადობა, თანაცხოვრება ამ ქვეყანაში უნდა იყოს”.- ამბობს ელენე ხოშტარია.

ლელო

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის სიცოცხლის დაცვა უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, სახლემწიფო მყარად უნდა იდგეს კანონისა და კონსტიტუციის აღსრულებისას.

ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები იბრძვიან სიცოცხლისთვის და მათი სიცოცხლე არ არის დაცული. უპირველესი ღირებულება ადამიანისა არის სიცოცხლე და სახელმწიფო უნდა იცავდეს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა ფუნქციონირებდეს და სახლმწიფო უნდა იცავდეს კონსტიტუციას და შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ გამოხატვის საჭიროების მქონე. ჩვენ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და მე პირადად მაქვს ხოლმე ასეთი მკვეთრი პოზიცია, რომ თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო და გვინდა, რომ განვვითარდეთ, უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ კითხვების დასმა, დავემორჩილოთ თუ არა კონსტიტუციას და კანონს”.- ამბობს ანა ბიბილაშვილი.

მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი

მესამე ძალის თბილისი მერობის კანდიდატი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება თანაბრად დაცული იქნება.

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება იმ ფორმით, რასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ კანონის დაცვით. შესაბამისად, ჩემი მერობის შემთხვევაში ყველას გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებულად დაცული. LGBTQ თემის წარმომადგენლები არიან საქართველოს მოქალაქეები და მათი გამოხატვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი გამოხატვის თავისუფლება, რასაც სამწუხაროდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ადგილი არ აქვს".- ამბობს კეკენაძე.

გახარია - საქართველოსთვის

ტაბულასთვის საინტერესო იყო პარტია საქართველოსთვის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან მისი ლიდერის, გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს თბილისი პრაიდი ვერ ჩატარდა, თუმცა მხოლოდ პარტიის ერთ წევრთან შევძელით დაკავშირება.

კითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამჯერად მაინც თუ იქნება LGBTQ ადამინაის უფლებები და უზრუნველყოფენ თუ არა პრაიდის ჩატარებას, საქართველოსთვის ახალმა წევრმა, გიორგი გოგუაძემ მოკლე პასუხი გაგვცა.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი კონსტიტუცია და წესრიგი”.- აღნიშნა გოგუაძემ და დაგვემშვიდობა.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას".

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა".

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები