ფარული მოსმენები

როგორ ცდილობდა მთავრობა და ეკლესია 2019 წლის პრაიდის ჩაშლას – სუს-ის ფაილები

ფარული მოსმენები

როგორ ცდილობდა მთავრობა და ეკლესია 2019 წლის პრაიდის ჩაშლას – სუს-ის ფაილები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილები ადასტურებს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასულიერო პირები და ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპატრიარქოს 2019 წლის თბილისი პრაიდთან დაკავშირებით თავიანთ გეგმებს აწვდიდნენ. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები კი მათ, თავის მხრივ, მთავრობასთან და დიპლომატებთან შეხვედრის დეტალებს აცნობდნენ. დოკუმენტების თანახმად, 2019 წლის ღირსების მარშის ჩაშლას ხელისუფლებაც ცდილობდა და ეს საპატრიარქოსთვის ცნობილი იყო. ფაილების მიხედვითვე, ეკლესია პრაიდის საწინააღმდეგო აქციებს ჩუმად აორგანიზებდა, თუმცა, მათთან აფილირება არ სურდა და სასულიერო პირებს მიტინგებში მონაწილეობისა და ხმამაღალი განცხადებებისთვის საყვედურობდა. 

სუს-ის ფაილების მიხედვით, 2019 წლის 11 ივნისს დეკანოზმა დავით ისაკაძემ (მმკ) პატრიარქის თანაშემწეს ილია მეორესთან შეხვედრა შეუთანხმა. ისაკაძეს პატრიარქისთვის თბილისი პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი აქტივობები უნდა გაეცნო. შეხვედრა იმავე დღეს გაიმართა - მმკ-ს წევრ სასულიერო პირებს (დავით ისაკაძე, დავით ლასურაშვილი, გურამ გამცემლიძე, ფოტი ზუმბაძე) და ილია მეორეს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი და ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძეც. სუს-ის ჩეტის მიხედვით, “ისაკაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მათთან კომუნიკაცია ჰქონდათ მთავრობის წევრებს, რომლებსაც არ სურთ თბილისი პრაიდის ჩატარება”. თუმცა, გამოჟონილი მასალების მიხედვით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მმკ-ს უთხრეს, რომ “მთავრობის პოზიციის მიუხედავად, შესაძლოა ლგბტ თემის მხრიდან მაინც ჰქონდეს ადგილი მცირე აქტივობებს, რის გამოც სასულიერო პირები მზად უნდა იყვნენ შესაბამისი რეაგირებისთვის”. დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებითვე, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ მას უთხრა, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა დიპლომატებს, რომლებსაც განუცხადა, რომ “მათი მხრიდან ლგბტ თემის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქართველი ხალხის რუსეთის ფედერაციის მიმართ დადებითად განწყობას”. 

სუს-ის ჩეტის მიხედვით, მეორე დღეს თბილისი პრაიდის საკითხთან დაკავშირებით, სადილი დაიგეგმა აშშ-ს ელჩის მოადგილის სახლში. მასზე მიიწვიეს პატრიარქის მოსაყდრე შიო, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. 

ფაილების მიხედვით, 14 ივნისს პატრიარქის მოსაყდრე შიოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაუკავშირდა. მიტროპოლიტმა მას უთხრა, რომ 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შეხვედრაზე, სადაც “დაახვედრეს” საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის “ძირითადი ელჩობა”. სუს-ის ჩეტის თანახმად, სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შესახებ ესაუბრა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბიზნესმენ ზაზა ნიშნიანიძეს. ჯაღმაიძის თქმით, აშშ-ს ელჩის და მღვდელმთავრების შეხვედრისას განიხილეს თბილისი პრაიდთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც “მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელად”, ესწრებოდნენ გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე, გერმანიის და ნიდერლანდების ელჩები. როგორც სუს-იდან გამოჟონილ მასალებში წერია, ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრისას აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ “ლგბტ თემის წარმომადგენლები მაინც გამართავენ თბილისი პრაიდს და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი უფლებები", რაზეც მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა უპასუხა - “გირჩევნიათ, მათ მოუწოდოთ, არ გამართონ თბილისი პრაიდი". 

14 ივნისსვე, ლევან ვასაძესთან საუბარში, მეუფე შიო დაინტერესდა, თუ ნახა საპატრიარქოს განცხადება, რაზეც ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ განცხადება არის “ძალიან კარგი”. მან მეუფე შიოს განუცხადა, რომ აქვს მოფიქრებული გეგმა და სურს 15 წუთით მასთან შეხვედრა, რაზეც მეუფე შიომ უთხრა, რომ დაკავებულია და საპატრიარქოში მისვლის შემდეგ გადახედავს დღის წესრიგს. განცხადებაში, რომელიც ლევან ვასაძემ მოიწონა, საპატრიარქომ ელჩებს მოუწოდა, ნუ წაახალისებენ “მსგავს აქტივობებს”, ხოლო ხელისუფლებას - არ დაუშვას გეი პრაიდის ჩატარება.

სუს-ის ჩეტის მიხედვით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ ასევე ესაუბრა მამა ანდრიას, რომელმაც აცნობა, რომ კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებისას, ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს, რის გამოც ისინი 14 ივნისს, 19:00 საათზე, გეგმავენ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვას. ვასაძის თქმით, არ დაუშვებს ლგბტ აქციის გამართვას და კონტრაქციაზე მობილიზებას გაუკეთებს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების და ვეტერანების მიყვანას.

პატრიარქის განცხადების შემდეგ, 14 ივნისს, თბილისი პრაიდმა მართლაც დაგეგმა აქცია - “სახელმწიფოვ, სად ხარ”. თუმცა, სანამ ადგილზე ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბებოდნენ, მთავრობის კანცელარიასთან სასულიერო პირები, მათ შორის მმკ-ს წევრები, ასევე, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და მათი მხარდამჭერი ორკები მივიდნენ. მაშინ პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ადგილიდან გაიყვანა და “არეულობას განარიდა", მერე კი, კორდონი გააკეთა და პრაიდის მხარდამჭერებს კანცელარიის კიბეებთან მოუხდათ აქციის ჩატარება, ორკები აქციის მონაწილეებს უშენდნენ ბოთლებს და სხვადასხვა ნივთს. სუს-ის ჩეტის მიხედვით, გურამ ფალავანდიშვილმა მმკ-ს იდეოლოგ სასულიერო პირ ბასილ ანთაძეს დაურეკა და კვერცხების სროლის კურთხევა ითხოვა. 

“დეკანოზმა მოიწონა ფალავანდიშვილის იდეა და გაუცხადა, რომ კარგი იქნება თუ ისინი ლგბტ თემის წევრებს ესვრიან კვერცხებს და პომიდვრებს.” - წერია სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.

2019 წლის 14 ივნისის ორკების აქციაზე 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, 21 მალევე, ხელწერილით გაუშვეს. ვითარების გასაცნობად ადგილზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც მივიდა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდმა უნდა აიღოს, რადგან საპატრიარქომ მხოლოდ პრევენციული განცხადება გააკეთა. იმავე ღამეს, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ მადლობა გადაუხადეს კონტრაქციის მონაწილეებს და პრაიდს არავის ჩაატარებინებენ. 

აღსანიშნავია, რომ სუს-ის ჩეტის მიხედვით, კანცელარიასთან მიმდინარე აქციების პარალელურად, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ აცნობა, რომ მეგობრებთან ერთად გეგმავდა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდასაჭერად აქციაზე მისვლას. ნიშნიანიძის თქმით, მიაჩნია, რომ “სხვადასხვა ძალის” მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქცია, რასაც სუს-იდან გამოჟონილი მასალების თანახმად, დაეთანხმა ჯაღმაიძე.

სუს-ის ჩეტის მიხედვით, 17 ივნისს, შიო მუჯირის სიძე ლევან სალუქვაძე დაუკავშირდა ბასილ ანთაძეს (მმკ) და აცნობა, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს “სახელმწიფოდან” სთხოვეს, გურამ ფალავანდიშვილს დაავალონ, რადიკალური განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს ხელს უშლის ხელისუფლებას, ლგბტ თემს გააუქმებინოს დაგეგმილი ღირსების მარში.

სუს-ის მასალების მიხედვით, ილია მეორეს მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა აცნობა, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, მიტროპოლიტების შიო მუჯირის და ანდრია გვაზავას, ასევე დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მონაწილეობით შეადგინა განცხადების ტექსტი, რომელიც საპატრიარქოს სახელით უნდა გასაჯაროვებულიყო. თეთრუაშვილმა პატრიარქს გააცნო განცხადების ტექსტიც, რომელიც 17 ივნისსვე გამოქვეყნდა. 

იმავე დღეს, ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ ალექსანდრე გალდავას აცნობა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას გეგმავენ ლგბტ თემის წევრებთან, რომლებსაც უარს ეტყოდნენ ღირსების მარშის გამართვაზე. ჯაღმაიძის თქმით, “ამის შემდეგ დამშვიდდებიან” პრაიდის მოწინააღმდეგე აქტივისტები და მათი მკვეთრი მოწოდებები მხოლოდ რიტორიკად დარჩება. ამასთან, სუს-იდან გამოჟონილი მასალების მიხედვით, საპატრიარქოდან დაუკავშირდებიან იმ მღვდელმთავრებს, რომლებმაც გააკეთეს პრაიდის საწინააღმდეგო მოწოდებები და განუმარტავენ, რომ მოწოდებები შეუთანხმონ საპატრიარქოს.

ამის შემდეგ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს აცნობა, რომ მოხსნის ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო “პატრულირებას”, თუმცა კვირის ბოლომდე იქნება სრულ მზადყოფნაში, “რათა პროვოკაციებს არ ჰქონდეს ადგილი”. სუს-ის ჩეტის მიხედვით, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მადლობას გადაუხდის შსს-ს ხელმძღვანელობას მარშის გამართვაზე უარის გამო. 

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის აქციის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, თბილისი პრაიდმა დაგეგმილი ღირსების მარში დროებით გააუქმა. ამ დროის მონაკვეთში, სუს-ის ჩეტში მხოლოდ გურამ ფალავანდიშვილის მცირე აქტივობებსა და მასთან ლევან ვასაძის გამიჯვნის სურვილზე წერია. მასალების თანახმად, იმავე დღეებში, ლევან ვასაძემ ღირსების მარშის ჩაშლის გამო კმაყოფილება გამოთქვა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან საუბრის დროსაც.

“მისივე თქმით, ესაუბრა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და გააფრთხილა, რომ პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევდა მართვის სადავეების დათმობა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები ივანიშვილს "გაუჩალიჩეს" - ნათქვამია სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 7 ივლისს ცნობილი გახდა , რომ ღირსების მარში მეორე დღეს შედგებოდა. მალევე, პუტინისტურმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს. სუს-იდან გამოჟონილი მასალების მიხედვით, იმავე დღეს, 7 ივლისს, “შიო მუჯირის მძღოლმა თავის მეგობარს სთხოვა, მეგობრებს და გარემოცვას შეატყობინოს 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში დაგეგმილი აქციის შესახებ და მოუწოდოს მისვლისკენ”. სუს-ის ჩეტის მიხედვით, 7 ივლისსვე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეგობარს, ***** *******-ს დაავალა, დილის 10:00 საათიდან, ვერის ბაღში უზრუნველყოს მხარდამჭერთა მობილიზება, რათა საჭიროების შემთხვევაში გააპროტესტონ დაგეგმილი ლგბტ პრაიდი. ანალოგიური დავალება ჯაღმაიძემ მისცა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ზვიად სეხნიაშვილს. ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს სთხოვა, მრევლის წევრების მაქსიმუმ რაოდენობას მოუწოდოს ვერის ბაღში შეკრებისკენ, რათა საჭიროების შემთხვევაში გააპროტესტონ დაგეგმილი ლგბტ პრაიდი. 

“კალაიჯიშვილმა თავადაც გამოთქვა თბილისში ჩამოსვლის სურვილი, თუმცა ჯაღმაიძემ განმარტა, რომ სჯობს საპატრიარქოს წარმომადგენლები არ წარმოჩნდნენ პროტესტის წინა რიგებში. კალაიჯიშვილმა ჯაღმაიძის ინიციატივა შეატყობინა თავისი მრევლის წევრებს და დაავალა თბილისში თანამოაზრეების მობილიზება” - წერია სავარაუდოდ სუს-ის ჩეტში.

მასალების მიხედვით, ხალხის მობილიზების მიუხედავად, დეკანოზმა ანდრიამ დავით ლასურაშვილსაც (მმკ) უთხრა, რომ ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქტივობებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ სასულიერო პირებმა, ვინაიდან მოსალოდნელია პროვოკაციული მოქმედებები. მისივე თქმით, პატრიარქმაც არ უნდა დააფიქსიროს საჯარო პოზიცია, რადგან შესაძლოა, აღნიშნულმა დააზიანოს ეკლესიის იმიჯი.

იმის გამო, რომ შსს ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია სწორედ სამინისტროსთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ. ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, პუტინისტურმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. დავით ისაკაძემ ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას მოითხოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო შინაარსის და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს აღარ ჩაატარებინებდა. სირცხვილიას აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ პარლამენტთან მიტინგს მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ვერ ჩაატარებდნენ. პუტინისტური და ანტისაოკუპაციო აქციები პოლიციამ ავტობუსების კორდონით გამოყო. 

იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ანტი ლგბტ აქციის მონაწილეების მობილიზება თავად მოახდინეს, სუს-ის ჩეტის მიხედვით, პატრიარქის თანაშემწემ, დეკანოზმა დავით ჭინჭარაულმა მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელანს აცნობა, რომ პატრიარქს არ მოსწონს ეპისკოპოსის მოწოდებები საპროტესტო აქციაზე ხალხის მობილიზებასთან მიმართებით და მოუწოდებს თავშეკავებისკენ, “ვინაიდან ყოველივე შესაძლოა ასოცირებულ იქნას საპატრიარქოსთან”. გამოჟონილი მასალების მიხედვითვე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან საუბარში უარყოფითად შეაფასა პარლამენტთან საპროტესტო აქცია, სადაც მარნეულის ეპისკოპოსი ხალხს მობილიზებისკენ  მოუწოდებდა. 

“ჯაღმაიძის თქმით, მსგავსი მოწოდებებით და შავლეგოს სიმღერით მონაწილეები ვერ შეძლებენ ხალხის მობილიზებას და აქციაზე გაჩერებას. მოსაზრებას დაეთანხმა თეთრუაშვილიც, რომელმაც განმარტა, რომ ხსენებული აქცია, ყველა შემთხვევაში ასოცირდება საპატრიარქოსთან” - ნათქვამია სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.

გამოჟონილი მასალებით, მეორე დღეს, პატრიარქის თანაშემწეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს დეკანოზმა დავით ისაკაძემ (მმკ) აცნობა, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპლიტ შიო მუჯირს და ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს მასთან (ისაკაძესთან) პრეტენზიები აქვთ, 8 ივლისს პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო.

“ისაკაძის განმარტებით, მან ყველაფერი გააკეთა აქციაზე მშვიდობის შესანარჩუნებლად, რისთვისაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს, ხოლო თუ ხსენებული მღველმთავრები ვერ ხედავენ მის დამსახურებას, შეუძლიათ დაიბარონ საპატრიარქოში და გაესაუბრონ ილია მეორის თანდასწრებით” - წერია სუს-ის თანამშრომლების ანგარიშში. მათივე ცნობით, ნასვამი დავით ისაკაძე ანდრია ჯაღმაიძეს სთხოვდა მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას. 

“ჯაღმაიძემ განმარტა, რომ მოუცლელობის გამო, მოცემული მომენტისთვის, მიტროპოლიტებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება, თუმცა თავად შეუძლია მივიდეს ისაკაძესთან სახლში და განიხილონ პარლამენტთან აქციაზე გაჟღერებული მოწოდებების გამო მღვდელმთავრების განაწყენების მიზეზი. მოცემული მომენტისთვის, ჯაღმაიძე მიემართება ისაკაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებიან ამ უკანასკნელის თანამოაზრე სასულიერო პირები: დავით ქვლივიძე, დავით ლასურაშვილი და ფოტი ზუმბაძე” - წერია სუს-ის ჩეტში, რომელიც 9 ივლისით თარიღდება.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. 

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

დოკუმენტების მიხედვით, სუს-ს ელჩების საუბრებიც აქვს ჩაწერილი. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. ამის გამო, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. კარლ ჰარცელის თქმით, დიპლომატების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ვინაიდან ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და "არ არის ბუნებრივი, როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან ჩაწერეს. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების და ელჩების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები