თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის მოწმე, ალექსანდრე მრელაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
"მინდა ორიოდე სიტყვით განცხადება გავაკეთო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით.
უბრალოდ გაურკვევლობა მოხდა, არაფერი არ მომხდარა, პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, საქმეს მაქსიმალურად დეტალურად იძიებს.
არანაირ ძალადობას არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი და მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რადგან ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და მინდა ყველამ იცოდეთ სიმართლე, რაც მოხდა და რაც იყო რეალობა გუშინ." - ამბობს მრელაშვილი მიმართვაში.
19 ივლისს თელავის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც 18 ივლისს ქორწილში იმყოფებოდა.
როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა."
შსს-ს ცნობით მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
18 ივლისს თელავში მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 19 ივლისს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
20 ივლისს, გიორგი ჭიღლაძეს ბრალი სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, მისთვის 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.
როგორც ტაბულას ინციდენტში მონაწილე ტურისტების ადვოკატმა უთხრა, მათ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ორი დღით საქართველოს დატოვება არ შეეძლებათ.
ადვოკატის თქმით, მომხდარში მონაწილე პირები "არიან უკრაინელები რუსეთის მოქალაქეობით, ხოლო დაზარალებული თურქეთის მოქალაქეა." აფციაური ასევე აცხადებს, რომ მათი მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა სასტუმრო აგარანის მამულმა, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. მათი ინფორმაციით, "დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი", ხოლო სასტუმროს ადმინისტრაციამ "ინციდენტის ასაცილებლად არსებული შესაძლებლობები გამოიყენა."




