ნიდერლანდები

ნიდერლანდების საგარეო და თავდაცვის მინისტრები ავღანეთის კრიზისის გამო გადადგნენ

სიგრედ კააგი/ანკ ბეილეველდი

ნიდრლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სიგრედ კააგი და თავდაცვის მინისტრი ანკ ბეილეველდი აგვისტოში ავღანეთში თალიბანის კონტროლის დამყარების ბოლოს დაწყებული ევაკუაციის დროს შექმნილი კრიზისის გამო გადადგნენ.

ნიდერლანდების პარლამენტის წევრებმა მინისტრებს ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს. პარლამენტარების თქმით, ხელისუფლების პასუხი ძალიან ნელი იყო, რის შედეგადაც ბევრი ავღანელი, რომელსაც ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ავღანეთში დარჩა.

პარლამენტის წინაშე საუბრისას, კაანგმა აღიარა, რომ მთავრობის მოქმედება თალიბანის გაძლიერებაზე გაფრთხილებებთან დაკავშირებით შენელებული იყო.

"პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ კაბინეტი პასუხისმგებლობით არ მოქცეულა. თუ [სამინისტროს] პოლიტიკა მიუღებელია, მინისტრმა თანამდებობდა უნდა დატოვოს" - თქვა კააგმა.

თავდაცვის მინისტრს თავდაპირველად სურდა წინა ხაზზე მყოფი მოქალაქეებისთვის მუშაობა გაეგრძელებინა.

"თანამდებობაში ჩემი ყოფნა დისკუსიის საგანი გახდა, ეს პასუხისმგებლობა არ მინდა. ჩემს პარტიას და პრემიერმინისტრს შევატყობინე, რომ მეფეს ჩემი გადადგომის მიღება ვთხოვე" - თქვა ანკ ბეილეველდმა.

ნიდერლანდემბა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს, აგვისტოს ბოლო ორ კვირაში ქვეყნიდან 2 000 ადამიანი გაიყვანა. თუმცა ასობით ადამიანი, რომელიც ნიდერლანდების მისიასთან თანამშრომლობდა და ნიდერლანდის სამხედრო ძალების თარჯიმნად მუშაობდა ავღანეთში დარჩა.

ავღანეთში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით თანამდებობდა დატოვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმაც. პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ რააბი თანამდებობაზე ლიზ თრასმა ჩაანაცვლა. დომინიკ რააბი კი იუსტიციის მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

რააბს ხშირად აკრიტიკებდნენ ავღანეთიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დაგვიანებული ევაკუაციის გამო. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში ისვენებდა, როდესაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები