პოლიტიკური კრიზისი

დროა: ოცნებამ პარტიული ინტერესები დააყენა EU-ში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა

პოლიტიკური პარტია "დროა" ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ​ EU-ში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა პარტიული ინტერესები დააყენა. 

დროას განცხადებით, საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის სასამართლო რეფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას, წარმოუდგენელია საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ქცევა.

"სწორედ ამიტომ არის სასამართლო რეფორმის საკითხი ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრებისათვისაც ყურადღების ცენტრში. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, განვითარებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს მხარდაჭერა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ფინანსური დახმარებით. ჩვენთვის, ქართველებისთვის და ასევე ჩვენი ნამდვილი მეგობრებისათვის, სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ჩააგდო სასამართლო რეფორმა და სასამართლო ხელისუფლება სრულად დაიქვემდებარა". -აღნიშნულია განცხადებაში. 

დროა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური კურსის მკაფიო გამოხატულებად პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიიჩნევს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც "აშკარად წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა".

დროა აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაგრძელება ევროკავშირთან შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და პირველ რიგში დემოკრატიული რეფორმების გატარებას გულისხმობს, რაც კვლავაც შეუსრულებელია.

" საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება თვალში ნაცარს გვაყრის და აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება საქართველომ ვერ მიიღო მისი წინაპირობების შეუსრულებლობის, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის კრახის გამო.

ყოველი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ივარაუდა რა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დახმარების მეორე ტრანშის შეჩერება, ქართულმა ოცნებამ ვიწროპარტიული ინტერესები დააყენა ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა.

როგორც შარლ-მიშელის შეთანხმებიდან, ისევ ევროკავშირის დახმარების ამ ფორმატიდან გასვლა, რომლის მიზანიც იყო, მეტი დახმარება და ინტეგრაცია მეტი დემოკრატიული განვითარების სანაცვლოდ, ცალსახად გვიჩვენებს, რომ ქართული ოცნება დგას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის და ავტორიტარიზმის გზას. ამ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალ არჩევნებს, რაც უნდა გახდეს ამ რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საწინდარი".- აღნიშნულია განცხადებაში. 


საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან 75- მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხით სახის მიღებისგან თავს შეიკავებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილებას "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ხსნის. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს.   

30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული და EU-ს €75 მილიონს დატვირთვა არ აქვს. 

ევროკავშირის განცხადებით კი, საქართველომ ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები