ავღანეთი

აჰმად მასუდი: სიტყვა დანებება ჩემს ლექსიკონში არ არსებობს

აჰმად მასუდი ბაზარაკში, 2019 წელი
The New York Times

ფრანგულმა გამოცემა Paris Match-მა გამოაქვეყნა პანჯშირის ხეობაში გამაგრებული ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ლიდერთან, აჰმად მასუდთან 21 აგვისტოს ჩაწერილი ინტერვიუ. აჰმად მასუდს, მამამისის, აჰმად შაჰ მასუდის ფრანგი მოაზროვნე მეგობარი, ბერნარდ ჰენრი-ლევი ესაუბრა.

ჰენრი-ლევი აჰმად მასუდს ესაბრებოდა პანჯშირის ხეობაში არსებული წინააღმდეგობის შესახებ. მან მასუდს დაუსვა კითხვა, შეესაბამებოდა თუ არა რეალობას თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ძალები პანჯშირს ტოვებდნენ. ჰენრი-ლეივმ ასევე ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის დანებებას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ავღანეთიდან გადის და მოკავშირეები მასუდს მარტო ტოვებენ.

"ეს დეზინფორმაციაა... რა თქმა უნდა, დანებებას არ ვაპირებთ! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე. მე აჰმად შაჰ მასუდის შვილი ვარ. სიტყვა დანებება ჩემს ლექსიკონში არ არსებობს... როდესაც ერთი წლის წინ პანჯშირში მნახეთ, მე გითხარით, რომ მამაჩემი მშობელზე მეტი, ჩემი მასწავლებელი იყო. ის არ მომცემდა დანებების უფლებას... 

მამაჩემმა ერთი რამ მასწავლა. ადამიანებს, რაოდენობრივი სხვაობის მიუხედავად, წინააღმდეგობის სული აძლიერებს. ესაა მნიშვნელოვანი. მთელი გულით უნდა გწამდეს შენი მისიის. ჩემთვის ეს უცვლელია, სულ ერთია მისთვის გაღებული საფასური. მამაჩემს ეს ძლიერება ჰქონდა. მას ეჭვი არასდროს შეჰპარვია.  ყველაფერს ვიზამ იმის დასამტკიცებლად, რომ მის მაგალითს, მიზანსწრაფვასა და სიმამაცეს ღირსეულად მივყვები" – უპასუხა აჰმად მასუდმა წინააღმდეგობის დანებების შესაძლებლობებზე დასმულ შეკითხვას.

ჰენრი-ლევიმ დასვა შეკითხვა თალიბანთან მოლაპარაკებებზე დაკავშირებითაც.

"საუბარი ერთი რამაა. საუბარი შეგვიძლია. ყველა ომის დროს, ჩვენ [მოწინააღმდეგესთან] ვსაუბრობთ. მამაჩემიც ყოველთვის ესაუბრებოდა საკუთარ მტრებს. ყოველთვის. ომის პიკის დროსაც კი. მაგრამ დანებება სხვა რამ არის. ვიმეორებ, მე და ჩემი გენერლები დანებებას არ ვაპირებთ...

...მე არ შევეგუები დაძალებულ მშვიდობას, რომლის ერთადერთი დადებითი მხარე სტაბილურობა იქნება. თავისუფლება და ადამიანთა უფლებები უკიდეგანოდ ძვირფასი რამაა. ისინი არ უნდა იყოს გაცვლილი ციხის მსგავს სტაბილურობაში. 

ბავშვობაში მამაჩემი მიყვებოდა გენერალ დე გოლზე, ვისი მემუარებიც მას აჩუქე. სენდჰარსტის სამხედრო აკადემიაში, სადაც განათლება მივიღე, ჩერჩილის მემუარებიც წავიკითხე. როგორც მაშინ დე გოლმა თავის ხალხს მიმართა: "ვერაფერს დაგპირდებით სისხლისა და ცრემლების გარდა, ჩვენ არასდროს დავნებდებით". ჯერ არ ვიცი რა გასაჭირი გველის წინ და ამ დიდებულ მაგალითებს თავს ვერ შევადარებ. მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი ჩემში არიან, ჩემი ინსპირაციის წყარო არიან, დიდი პატივისცემით" – თქვა მასუდმა ჰენრი ლევისთან. 

ამას გარდა, აჰმად მასუდმა კვლავ გაუსვა ხაზი, რომ მას მთელი ავღანეთიდან ბევრი მებრძოლი, მათ შორის ყოფილი გენერლები და სამხედროები შეუერთდნენ. მან ასევე გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დახმარების იმედი. 

რამდენიმე დღის წინ, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ პანჯშირის მიმართულებით ასობით თალიბი გაგზავნეს. ასევე, მისი თქმით, თალიბანი პრობლემის მოლაპარაკებებით გადაჭრას ცდილობდა.

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში არის გამაგრებული. მის სათავეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამრულაჰ სალეჰი და ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი დგანან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები