თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: თუ პროფესიონალები ფიქრობენ, რომ არჩევნების გადადება ამ სასაკლაოს შეაჩერებს, უნდა თქვან

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია, კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ თუკი ლოქდაუნი ან არჩევნების გადადება სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა, ამაზე, პირველ რიგში, პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ.

"თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ, ლოქდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, ხომ, ვსაუბრობთ ბატონ გამყრელიძეზე, ბატონ ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას გვითხრან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს". – თქვა ნიკა მელიამ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციური პარტიებსა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ.

არჩევნების გადადებაზე მსჯელობისთვის მზაობა გამოთქვა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყების იდეა არ მოსწონთ ხელისუფლებაში, ირაკლი კობახიძემ ლომჯარიას სიტყვებს "ანომალია" უწოდა, გიორგი ვოლსკიმ კი თქვა, რომ ომბუდსმენი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა". 

კომენტარები