არჩევნები 2021

კობახიძე: არჩევნების გადადება საგანგებოს გამოცხადებაა, ანომალიაა ლომჯარიას საუბარი

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

"თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა". –ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი მხრიდან არჩევნების გადადებაზე საუბარი ანომალიაა. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ სირცხვილიამ გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და სირცხვილიადან მიშა მშვილდაძემ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს, ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ“. – თქვა კობახიძემ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.  

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები