თვითმმართველობის არჩევნები 2021

ჰარცელი: ვგმობ წინასაარჩევნოდ ძალადობის ფაქტებს, მხარეებმა გამოიჩინონ თავშეკავება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა კომენტარი 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. ის გმობს წინასაარჩევნო ძალადობას და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ჰარცელის თქმით, ის წუხს ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირების ფაქტით, თუმცა მოხარულია, რომ შემთხვევის შემდეგ მელიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ჰარცელის განცხადებაში ნათქვამია:

"გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე.

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ;

ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა".


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "უსინდისო, ივანიშვილის მონა", კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი" უწოდა. 

მელიამ კობახიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთი თავად დაჭრეს.  

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? გჯერა? უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, უნამუსო, ბიძინა ივანიშილის მონა, ქვეშა*ვია, უნამუსო ბავშვო, ჩვენ დავჭერით? შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი და ბიძინა ივანიშვილის მონა, მონა ხარ, მაიმუნო" - უთხრა მელიამ კობახიძეს. 

"ვინ თქვა, ვინ თქვა ეგ, ნაძირალა? ეს არის, როგორც აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ბინძური კაცი. ასე აწყობენ პროვოკაციებს, ნაძირალა, ნაბიჭვარო, ნაძირალა" - მიმართა კობახიძემ მელიას.  

ევროკავშრის წარმომადგენლობის ოფისში ნიკა მელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს უნდა შეხვედროდა. მაშინ, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ ოფისს ტოვებდა. 

კომენტარები