თვითმმართველობის არჩევნები 2021

ხოშტარია: ქართულ ოცნებას აქვს შანსი, მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან

დროას ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია ქართულ ოცნებას ურჩევს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ნუ დააზიანებენ საქართველოს ინტერესებს, მოქალაქეებსა და ამომრჩევლებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებიდან წასვლისთვის. 

23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა და დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ქართული ოცნება არის აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიურ მდგომარეობაში. ყველაზე კარგად დღეს ქართულმა ოცნებამ თავად იცის, რომ ისინი ამ არჩევნებში არიან დამარცხებულები. ამ მარცხის გამო და ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალობის გამო ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ გახდეს კიდევ უფრო აგრესიული და, პირდაპირ ვთქვათ, დაერიოს ხალხს. მათ გადაწყვიტეს, რომ გარდაუვალ წაგებაზე მათი რეაქცია უკვე ნაცადი ხერხი, ძალადობა იყოს". – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დროას ლიდერის თქმით, დღეს საქართველოში ოპოზიციაა გამარჯვებული და საზოგადოება უპირველეს ყოვლისა ხმას ცვლილებებს აძლევს და აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს შანსი, დარჩენილ დროში არ დააზიანოს, ერთი მხრივ, ქვეყანა, მეორე მხრივ კი, საკუთარი თავი.

"ამიტომ, ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, ეს დარჩენილი პერიოდი და ცვლილებები გაფორმდეს მშვიდობიანად, რაც უპირველეს ყოვლისა შედის ქვეყნის ინტერესებში. ზოგადად, არ არსებობს ერთი ჩამოვარდნილი თმის ღერიც კი, რომელიც ღირს ვინმეს სკამად. არ არსებობს რაიმე თანამდებობა, ან ძალაუფლება, რომელიც ღირდეს შელახულ ჯანმრთელობად. ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ არ დააზიანოს ქვეყანა, არ დაიზიანოს თავიც. მათ აქვთ შანსი, ახლა მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და, მე ვისურვებდი, ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას, რასაც ეს ბოლო პერიოდია, აქტიურად აკეთებენ". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

კომენტარები