ავღანეთი

პანჯშირის წინააღმდეგობა: გვინდა მშვიდობა, თუმცა არ გვსურს ვიღაცის დროშის ქვეშ ცხოვრება

პანჯშირის ხეობაში ჩრდილოეთის ალიანსის დროშას აფრიალებენ, 2021 წლის 23 აგვისტო

პანჯშირის ხეობაში გამაგრებული ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენელმა, ჰამიდ საიფიმ The Washington Post-თან ისაუბრა. მისი თქმით, წინააღმდეგობას სურს პრობლემის მოლაპარაკებით გადაჭრა, მაგრამ ნებისმიერ თავდასხმას შესაბამისი ქმედებით უპასუხებენ.

ჰამიდ საიფი, რომელიც წინააღმდეგობის ერთ-ერთი მეთაურის, აჰმად მასუდის დამხმარეა, Washington Post-თან ამბობს, რომ თალიბანის მებრძოლები, რომლებიც პანჯშირის მიმართულებით წინა დღეებში გაგზავნეს, ხეობაში არ შესულან და ისინი მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილდებიან. 

"არის მცდელობები, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი გზა მშვიდობიანი მეთოდებით ვიპოვოთ. ქაბულიდან ზოგი ადამიანი ცდილობს, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანად გადაიჭრას. ჩვენც გვსურს მშვიდობა, თუმცა არ გვსურს ვიღაცის დროშის ქვეშ ცხოვრება". – ამბობს ჰამიდ საიფი. მან ასევე თქვა, რომ თალიბანთან დანებებას მშვიდობიან შედეგამდე ღირსეული გზით მისვლა ურჩევნიათ.

რამდენიმე დღის წინ, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ პანჯშირის მიმართულებით ასობით თალიბი გაგზავნეს. ასევე, მისი თქმით, თალიბანი პრობლემის მოლაპარაკებებით გადაჭრას ცდილობდა.

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში არის გამაგრებული. მის სათავეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამრულაჰ სალეჰი და ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი დგანან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

 

 

კომენტარები