ავღანეთი

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი: ათასობით მებრძოლი გვყავს მზად

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები პანჯშირში
BBC

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის საგარეო ურთიერთობების მეთაურმა, ალი ნაზარიმ BBC-სთან კომენტარი გააკეთა.

მან გამოცემასთან თქვა, რომ წინააღმდეგობას მშვიდობიანი მოლაპარაკებები სურს, თუმცა, თუკი წარუმატებლად დასრულდა, ისინი თალიბანის აგრესიას არ მოითმენენ. 

ნაზარის თქმით, ბოლო დღეებში, იმ შეიარაღებულ პირებს, ვისაც პანჯშირში ავარჯიშებდნენ, შეუერთდა მრავალი მებრძოლი მთელი ქვეყნიდან. "წინააღმდეგობისთვის ათასობით მებრძოლი გვყავს მზად. თუმცა მშვიდობა და მოლაპარაკებები გვირჩევნია ომსა და კონფლიქტს". – თქვა ნაზირმა.

ალი ნაზირმა ისაუბრა ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მთავარ მიზნებზეც.

"ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს სწამს, რომ ავღანეთში ძირეულ პრობლემებს უნდა მივხედოთ. ავღანეთი არის ქვეყანა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისგან შედგება, არავინაა უმრავლესობა. ის მულტიკულტურული ქვეყანაა, ამიტომაც ძალაუფლების გადანაწილებაა საჭირო. ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმება, რომლითაც ყველას ექნება ძალაუფლება". – ამბობს ალი ნაზარი.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არავის შეუძლია ჩვენი რეგიონის, განსაკუთრებით პანჯშირის ხეობის დაპყრობა. წითელმა არმიამ, საკუთარი ძლევამოსილებით, ვერ შეძლო ჩვენი დამარცხება... არ მგონია, რომ ახლა ავღანეთში რომელიმე მხარეს წითელი არმიის ძალა ჰქონდეს. 25 წლის წინ თალიბანმაც სცადა ხეობის აღება და ვერ შეძლეს, სასტიკად დამარცხდნენ". – დაამატა წინააღმდეგობის წარმომადგენელმა. 

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის თქმით, პანჯშირის ხეობისკენ ასობით მებრძოლი გაგზავნეს. ისინი ცდილობდნენ მშვიდობიან მოლაპარაკებებსაც, მაგრამ არ შედგა.

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში არის გამაგრებული. მის სათავეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამრულაჰ სალეჰი და ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი დგანან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები