ავღანეთი

ბაიდენი: ავღანეთში იქამდე დავრჩებით, ვიდრე ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ

ჯო ბაიდენი

აშშ-ს ავღანეთიდან სრულად გასვლა, შესაძლოა, 31 აგვისტოს ბოლო ვადას გადასცდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა. 

"თუკი იქ ამერიკის მოქალაქეები კიდევ არიან, იქამდე დავრჩებით, ვიდრე ყველას არ გამოვიყვანთ" – უთხრა ბაიდენმა ABC-ს. აშშ-ს პრეზიდენტი კამერებთან პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა. ბაიდენის თქმით, მას ბევრი დეპუტატი მოუწოდებს, რომ ავღანეთის სრულად დატოვების ბოლო ვადა, 31 აგვისტო გადასწიონ. 

ჟურნალისტმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა კრიზისის უკეთესად მოგვარება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. 

"არ ვიცი, ქაოსის გამოწვევის გარეშე როგორ უნდა გამოვსულიყავით" – ამბობს ბაიდენი.

"იმის ალბათობა, რომ თალიბანმა ყველაფერი დაიკავოს და მთელი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს, ძალიან დაბალია" – ამბობდა ჯო ბაიდენი რამდენიმე კვირის წინ. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები