ავღანეთი

ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანაზე: საგარეო პოლიტიკის უდიდესი დამცირება

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს აშშ-ს ისტორიაში "საგარეო პოლიტიკის უდიდესი დამცირებაა".

"ავღანეთიდან ბაიდენის ჩაფლავებული გასვლა ერის ლიდერის არაკომპეტენტურობის ყველაზე უხეში დემონსტრაციაა". – თქვა ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან საუბრისას.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ტრამპის პრეზიდენტობის დროს შემუშავებული გეგმაზე თქვა უარი. ტრამპის თქმით, შედეგად, "ეს იყო არა ჯარების გაყვანა, არამედ დანებება".

"შეგვეძლო, ღირსეულად გამოვსულიყავით. ღირსეულად უნდა გამოვსულიყავით. ამის ნაცვლად ღირსების სრულად საწინააღმდეგო მივიღეთ". – თქვა ტრამპმა.

თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპი აქტიურად აკრიტიკებს ბაიდენს. ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იყო შეთანხმებული. ერთი კვირის წინ ტრამპი ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებდა და ამის 5 მიზეზიც დაასახელა.

ავღანეთზე თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ ჯო ბაიდენმა ავღანეთის არმია და ხელისუფლება ბრძოლაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ტრამპისგან მემკვიდრეობით ჯარების გაყვანის ცუდი შეთანხმება ერგო.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მისწინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები