ავღანეთი

ბაიდენი: ყველა ამერიკელს შინ დავაბრუნებთ, ყველაფერს ვიზამთ მოკავშირეების ევაკუაციისთვის

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გააკეთა. მან ავღანეთში მყოფ ამერიკელებსა აშშ-ში დაბრუნების პირობა მისცა. მისივე თქმით, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს მათი მოკავშირეების ევაკუაციისთვის.

"რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო ევაკუაცია ჩვენი ავღანელი მოკავშირეების, პარტნიორების, იმ ავღანელების, ვინც აშშ-სთან ასოცირების გამო შესაძლოა სამიზნე გახდეს. ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება უნდა, ჩვენ შინ დაგაბრუნებთ". – თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენის თქმით, 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მ ავღანეთიდან 13 000 ადამიანი უკვე გამოიყვანა. მისივე თქმით, ეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა, რომლის განხორციელება მხოლოდ ამერიკას შეუძლია.

ბაიდენი ამბობს,რომ მიმდინარე კვირაში New York Times-თან, Washington Post-სა და Wall Street Journal-თან კოორდინაციით, ავღანეთიდან მათი 204 თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა. 

ჯო ბაიდენის განცხადებას ესწრებოდნენ ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები