ავღანეთის ერთ-ერთი პირველი ქალი გუბერნატორი, სალიმა მაზარი, რომელიც თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდა, დაჯგუფებამ დაიჭირა. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
სალიმა მაზარი ბალხის პროვინციის ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორია. როგორც India Today წერს, სალიმა მაზარი მაშინ აიყვანეს, როდესაც დაჯგუფებამ მთელ ავღანეთში კონტროლი დაამყარა და პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.
მაზარი ირანში დაიბადა. მისმა ოჯახმა ავღანეთი სსრკ-სთან ომის დროს დატოვა. სალიმა მაზარიმ თეირანის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდგომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში მუშაობდა.
მაზარი გუბერნატორი 2018 წელს გახდა, ის ერთ-ერთია სამ ავღანელ ქალ გუბერნატორს შორის. ჩაჰარკინტის ოლქი თალიბანის დაჯგუფებას აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. თალიბანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მაზარი მებრძოლებს წრთვნიდა და შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სალიმა მაზარი ყურადღებას იქცევდა, როგორც წარმატებული ქალი გუბერნატორი ავღანეთში.
"თავდაპირველად ვღელავდი, რომ როგორც ქალი გუბერნატორი დისკრიმინაციას შევხვდებოდი, მაგრამ ხალხმა გამაოცა. როცა ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორი ოფიციალურად გავხდი, მხარდაჭერა რომელიც [ხალხისგან] მივიღე ძალიან დიდი იყო". – ამბობდა სალიმა მაზარი The Guardian-თან ინტერვიუში.
აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.
16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.
დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.
დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.
როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.
პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.
თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.
როდესაც თალიბანმა 1996 წელს ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მის გავლენას არ ემორჩილებოდა ჩრდილოეთის ალიანსი, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი. ალიანსი 1996 წელს სამოქალაქო ომში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებმა, აჰმად შაჰ მასუდმა და აბდულ რაშიდ დოსტუმმა თალიბანის საპირისპიროდ შექმნეს.





