ავღანეთი

ავღანელი ჟურნალისტი: ჩემი კაცი კოლეგები ოფისში შეუშვეს, მე – არა

შაბნამ დავრანი

ავღანელი ჟურნალისტი ქალი, შაბნამ დავრანი ჰყვება, რომ თალიბანმა ის სამსახურში არ დაუშვა და გააფრთხილეს, მუშაობა არ გაეგრძელებინა.

ვიდეო მიმართვა მირაქა პოპალმა, ავღანური მედიის TOLO News-ის ერთერთმა ხელმძღვანელმა, Twitter-ზე გაავრცელა.

"დღეს თალიბანმა მუშაობის საშუალება არ მისცა ჩემს ყოფილი კოლეგა შაბან დავრანის, რომელიც TOLO News-ისთვის მუშაობდა და ახლა სახელმწიფო არხის ცნობილი წამყვანია". – წერს პოპალი.

ვიდეო მიმართვაში დავრანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მოწმობა ჰქონდა, ის სამსახურში არ შეუშვეს.

"დღეს, როცა რეჟიმი შეიცვალა, მინდოდა სამსახურში წავსულიყავი, სიმამაცეზე უარი არ მითქვამს. სამწუხაროდ, უფლება არ მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმობა მქონდა. ჩვენი კაცი კოლეგები ოფისში [ამ] მოწმობების ჩვენების შემდეგ შეუშვეს". – ამბობს დარვანი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გააფრთხილეს, რეჟიმის ცვლილების შემდეგ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.

"გამაფრთხილეს, რომ რეჟიმის ცვლილებასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. აქ ჩვენთვის დიდი საფრთხე არსებობს. თუ მსოფლიოს ხალხს ჩემი ხმა ესმის, თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩემი ხმა ესმის, უნდა დაგვეხმარონ, რადგან ჩვენი სიცოცხლე რისკის ქვეშაა". – ამბობს დარვანი.

გუშინ, 17 აგვისტოს თალიბანის პირველ პრესკონფერენციაზე თალიბანის სპიკერი ზაბიჰულაჰ მუჰამედმა ქალების უფლებებზეც ისაუბრა. მუჰამედი აღნიშნავს, რომ ქალთა უფლებების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ისლამური საამირო მხარს უჭერს ქალთა უფლებებს, შარიათის ფარგლებში. ჩვენს დებს... იგივე უფლებები აქვთ, შეეძლებათ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა სფეროებსა და დარგებში, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა დარგებში, ჩვენი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

ისინი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ჩვენს მხარდამხარ და თუ საერთაშორისო საზოგადოება წუხილს გამოთქვამს, გვინდა დავარწმუნოთ, რომ ქალთა წინააღმდეგ არანაირი დისკრიმინაცია არ იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რაც გაგვაჩნია". – ამბობს მუჯაჰიდი ქალთა უფლებებზე. 

1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთის დიდ ნაწილს თალიბანის მთავრობა მართავდა, ქალთა უფლებების მხრივ უმძიმესი ვითარება იყო. თალიბანის მიერ ძალაუფლების დაბურნებასთან ერთად საერთაშორისოს საზოგადეობაში იზრდება შიში, რომ ქალების უფლებები ავღანეთში კვლავ დაიღვევა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები