ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას" უკავშირებს.
რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს, რის შემდეგაც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "სავარაუდოა, რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ", თუმცა, ამ ეტაპზე "დადასტურება არ შეუძლია".
"კი, შესაძლოა ვივარაუდოთ [რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ], კი ბატონო. უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, მაგრამ არის ალბათ ეგ, ერთი ქვეყანა ეგ [რუსეთი] იქნება ალბათ. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა". - თქვა ადვოკატმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.
ამასთან ერთად, ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით არც მეორე ქვეყნის დასახელება შეუძლია, რომლის ჯაშუშობასაც რცხილაძეს ედავებიან.
"გამოკითხვა არ მომხდარა. [...] ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არა ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მომხდარიყო. ანუ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, რომ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. ობიექტივზე უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა 27 მარტიდან, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა.
არ ვიცი, ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება მაგრამ თვითონ ამას უკავშირების დაკავებას". - თქვა ადვოკატმა.
30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პრორუსი გულბაათ რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელია.




