არჩევნები 2021

კვოტების მიმღები პარტიის მერობის 64 კანდიდატში მხოლოდ სამია ქალი

გენდერული კვოტების მიმღები პარტიის, ქართული ოცნების მერობის 64 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია. მმართველმა პარტიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ წარადგინა: 

  • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე
  • გარდაბანი – დავით კარგარეთელი
  • მარნეული – კენან ომაროვი
  • ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი
  • დმანისი – კობა მურადაშვილი
  • წალკა – ილია საბაძე
  • თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური
  • თელავი – ლევან ანდრიაშვილი
  • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური
  • ყვარელი – გივი ზაუტაშვილი
  • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
  • გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი
  • საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი
  • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
  • დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
  • გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
  • კასპი – ვახტანგ მაისურაძე
  • ქარელი – ზაზა გულიაშვილი
  • ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი
  • ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი
  • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე
  • ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი
  • ადიგენი – გოჩა ქიმაძე
  • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი
  • ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
  • მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი
  • დუშეთი – მანანა ნარიმანიძე
  • თიანეთი – ლევან წიკლაური
  • ყაზბეგი – შალვა ელოშვილი
  • ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი
  • ბაღდათი – კახა ენუქიძე
  • ჭიათურა – გივი მოდებაძე
  • წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე
  • საჩხერე – ლევან ივანაშვილი
  • სამტრედია – დავით ბახტაძე
  • თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი
  • ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი
  • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
  • ხონი – ლადო ჯურხაძე
  • ზესტაფონი – ვასილ გველესიანი
  • ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე
  • ონი – სერგო ხიდაშელი
  • ცაგერი – გიორგი ნემსაძე
  • ლენტეხი – გიორგი ონიანი
  • ზუგდიდი – მამუკა წოწერია
  • წალენჯიხა – გოგა გულორდავა
  • ჩხოროწყუ – დათო გოგუა
  • ხობი – დავით ბუკია
  • სენაკი – ვახტანგ გადელია
  • მარტვილი – თორნიკე ჯანაშია
  • ფოთი – ბექა ვაჭარაძე
  • აბაშა – გიგა გაბელაია
  • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
  • ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე
  • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი
  • ჩოხატაური – დავით შარაშენიძე
  • ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი
  • ქობულეთი – ლევან ზოიძე
  • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე
  • ქედა – როლანდ ბერიძე
  • შუახევი – ომარ ტაკიძე
  • ხულო – ვახტანგ ბერიძე

20 ივნისს ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილს, ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა, ვინაიდან შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 43%-ის მიღებას ვერ შეძლებდა, ის ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. 

თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები