პრაიდის კვირეული

"ზოგიერთი ოჯახიდან გაფორმებული იარაღი ამოიღეს" – გაგნიძე ორკების ჩხრეკაზე

ტაბულა

ქართული მისიის დამფუძნებელი ორკი, რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმე პუტინისტის ჩხრეკისას მათი სახლიდან "კანონიერი, გაფორმებული იარაღი" ამოიღო.

"5 ივლისთან დაკავშირებით ტელევიზიების გასახარად ჩაატარეს ოჯახებში ჩხრეკა. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ამოიღეს, კონკრეტულად, ზოგიერთი ოჯახიდან მხოლოდ კანონიერი იარაღი, გაფორმებული იარაღი ამოიღეს. ჩემთან არა, სხვა ოჯახებში. კომპიუტერები და ტელეფონები ამოიღეს, მე რა ინფორმაციაც მაქვს, 10-12 ადამიანზე არაფერი არ არის მიმოწერებიდან ამოღებული. დროებით დაიტოვეს ექსპერტიზებისთვის. 

გამოძიება მიდის ძალადობის ორგანიზების მიმართულებით. წინასწარ ვგეგმავდით თუ არა, ეგ კითხვა არ დაუსვამთ. ძალადობის მომხრე ხართ თუ არაო, მე ვუთხარი, რომ არ ვარ ძალადობის მომხრე. შემეკითხა, რატომ მოხდა ძალადობა, თქვენი აზრითო. ჩემი აზრით, ფიზიკური ძალადობა რატომ მოხდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა კი აქვს, მაგრამ ძალადობის წინააღმდეგი ვარ". - ამბობს რამაზ გაგნიძე.   

გამოკითხვიდან გამოსულმა კიდევ ერთმა პუტინისტმა, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ იარაღი მისი სახლიდან ამოიღეს.

დღეს, 16 ივლისს, პოლიციამ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. გაჩხრიკეს გურამ ფალავანდიშვილისა და ზურაბ მახარაძის სახლებიც - ისინი სამართალდამცავებმა სამმართველოში გადაიყვანეს. ასევე, პოლიციის სამმართველოში მივიდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც, რომელიც ორკებს "სამშობლოსთვის, ღმერთისთვის" ძალადობისკენ მოუწოდებდა. ფალავანდიშვილმა, მახარაძემ და სხვა ორკებმა პოლიციის სამმართველო უკვე დატოვეს. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. 

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

დღეს, 16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკა მიმდინარეობს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

რამდენიმე პირმა სამმართველო უკვე დატოვა, მათ შორის ზურაბ მახარაძემ.

კომენტარები