პრაიდის კვირეული

აშშ-ს საელჩო: მხარს ვუჭერთ LGBTQ+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი შეკრების თავისუფლება

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეხვდა და მათი საქმიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერა გამოხატა. 

აშშ-ს საელჩომ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება.

"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად, საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით". – წერია საელჩოს განცხადებაში.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული. დღეს, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები