პრაიდის კვირეული

დეგნანი პრაიდზე: ვისაც სურს, მსვლელობას ზიზღით შეუშალოს ხელი, არღვევს კონსტიტუციას

"ვისაც სურს, რომ ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას". -  ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით .

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორისაა თავისუფალი, მშვიდობიანი შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება.

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აზრი იყოს წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შსს-ს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარები, რომ საშუალება მისცენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავისი უფლება. მათ, ვისაც სურს, რომ ხელი შეუშალონ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას". - ამბობს დეგნანი.


საქართველოს საპატრიარქო ხვალ, 5 ივლისს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები