პრაიდის კვირეული

თანასწორობის მოძრაობა: საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია

საპატრიარქოს განცხადების გავრცელების შემდეგ, თანასწორობის მოძრაობა შსს-ს მიმართავს, რათა PRIDE-ის მონაწილეები დაიცვას, ვინაიდან საპატრიარქო  მოქალაქეებს  ირიბად მოუწოდებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ.

ამასთან ერთად, თანასწორობის მოძრაობა მიმართავს პოლიტიკოსებსაც და მედიის წარმომადგენლებსაც, იხელმძღვანელონ  ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებითა და მაღალი ეთიკურობით:

"გვსურს გამოვეხმაუროთ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ “სოლიდარობის მარშს” და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობiური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

“თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქ თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

აქედან გამომდინარე,

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

-Საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;

-Თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისგან.

მოვუწოდებთ მედიას:

- “Თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისას იხელმძღვანელონ მაღალი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად;

-Განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, რათა ხელი არ შეუწყონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისებას.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, Ლგბტქ თემის წევრებისთვის, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებში მონაწილეობენ, “თანასწორობის მოძრაობის” იურიდიული და სოციალური სერვისები განსაკუთრებულად იქნება მობილიზებული.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო სათანადოდ დაიცავს 5 ივლისს შეკრებაში მონაწილე თითოეული პირის უსაფრთხოებას!". - ვკითხულობთ თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია.

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.

კომენტარები