პრაიდის კვირეული

საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია.

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები