შარლ მიშელის შეთანხმება

ზურაბიშვილი: მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნაზე წერია პაუზა და არა შეჩერება

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში  მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით წერია პაუზება და არა შეჩერება. ამასთან ერთად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელისგან ჯერ კრიტიკა არ გაუგია.

"მე ჯერ შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გამიგია. მე თვითონ ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ზედამხედველი, სიტყვა არ მომწონს, მაგრამ რაღაცა ფორმით ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორედ. ამაზე მქონდა ამერიკის ელჩთანაც საუბარი". – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.


უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები