4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ია დარახველიძეს 3-ით

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 6 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით. მათ ბრალი არ აღიარეს და საპრცოცესო შეთანხმება არ გააფორმეს. 

12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა, შეთანხმება დღევანდელ სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ალბუთაშვილმა საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.

"ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. მარჯვენა თირკმელიც ამოჭრილი მაქვს. ე.წ. ხელისუფლებამ 2 გზა დამიტოვა, ან ვიყო პავლიკ მოროზოვი და ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია, ან ციხეში მოვკვდე. მე ვირჩევ მეორეს. ამ დროიდან შიმშილობას ვიწყებ ციხეში, სანამ ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება. [...] საპროცესო კი არა, მუხლებზე დავუდგები სამშობლოს. ვერ მექნება სინანული" - განაცხადა სასამართლო პროცესზე ზაქრო ალბუთაშვილმა.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ია დარახველიძის გარდა, 6 პირს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

 გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდათ შეფარდებული და თავისუფლებაში იმყოფებოდნენ. 

ბრალდებულთა ნაწილმა სასამართლოს დღევანდელ სხოდმაზე საბოლოო სიტყვით მიმართა:

"ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, შუნტირება გამიკეთეს და მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი - ვერ ვიტყვი იმას, რაც არ ყოფილა. კაცმა არ იცის, ჯანმრთელობის გამო ციხეში რა დამემართება. პრეზიდენტის სასახლის ეზოში ნაბიჯიც არ შემიდგამს. რამდენი წელიც გინდათ, იმდენი დამიწერეთ. როგორ მკადრებთ, ტყუილი თქვი და სახლში გაგიშვებთო? რაც არ ჩამიდენია, როგორ ვაღიარო, გამაგებინეთ" - განაცხადა კახა მჟავანაძემ.

"დიდი ხანია, ქართული ოცნების პოლიტიკას ვაპროტესტებ. ჩვენი ბრალეულობა არაფერია, როცა საქართველოს ინტერესებს ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ. ჩვენ იმ წესებს ვერ დავემორჩილებით, რასაც მაგიდაზე გვიდებენ. დანაშაული არ ჩამიდენია. ციხის შიშით ვერ გამტეხენ, ბრძოლას გავაგრძელებ" - განაცხადა დავით სტურუამ. 

"მე 4 ოქტომბერს აქციაზე ვიყავი, მაგრამ არაფერი დამიშავებია. პროფესიული მოთხოვნილების მიხედვით ვმოქმედებდი. უცებ გაუგებარი სიტუაცია მოხდა და როცა ვიგრძენი, ჩემი პროფესიული საქმიანობა მოითხოვდა, ეზოში შევედი,  დაახლოებით 1 მეტრით და მალევე გამოვედი. ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა. მედიკი-მაშველი ვარ და ინსტინქტის დონეზე ვმოქმედებდი. ეს ჩემშია, მე ყოველთვის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. ბრალდებას არ ვეთანხმები. ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია" - განაცხადა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

"ბრალს არ ვაღიარებ, პროკურატურამაც ვერაფერი დამიმტკიცა" - განაცხადა კონსტანტინე კოკაიამ.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები