ნამახვანჰესი

თურნავა: ენკას მოვთხოვთ, გაითვალისწინოს კვლევებზე დასკვნა ან კონტრარგუმენტები მოამზადოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. თურნავა აღნიშნავს, რომ კომპანია ენკას ხელმძღვანელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ინვესტორი მზად არის, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას.

"ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ენკას ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით, პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება.

ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე - ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას". –თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, 15-მდე ორგანიზაციამ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ არსებული კვლევები უკვე გამოითხოვა და მათგან შესაბამის დასკვნებს ელოდებიან.

"ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს". –თქვა ნათია თურნავამ.


    რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

    16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

    საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

    საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

    არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

    23 მაისიდან თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო რამდენიმე აქცია გაიმართა. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

    ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

    • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
    • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
    • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
    • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

    2 ივნისს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული.

    კომენტარები