ნამახვანჰესი

დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რიონის ხეობის მცველებს უპასუხა, რომელთაც მისგან ნამახვანჰესის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და დიალოგი მოითხოვეს. მინისტრის თქმით, ის დაინტერესებულ მხარეებთან შესახვედრად ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა.

"მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის, თუმცა თქვენ იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის გავხსენით პლატფორმა, რომელშიც მათაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება მთავრობის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებისგან ჩვენ ვერ დავინახეთ აქტივობა და ენთუზიაზმი, ამის მიუხედავად, ეს პლატფორმა კვლავ არსებობს და ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არა ის, რომ დავსხდეთ პირისპირ და მხოლოდ ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, რომ მათ პირადადაც დაველაპარაკო გულწრფელად და ღიად. თუმცა, თუ რეალურად გვაინტერესებს პასუხები უსაფრთხოებაზე, გარემოს ზემოქმედებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე და ა.შ. აქ უპრიანია, რომ დავსხდეთ კონკრეტულ სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები და ასევე ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში. ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. რაც შეეხება ენკას, ეს საკითხი საკმაოდ რთულია, მათ თავისი პრეტენზიები გაააჩნიათ, ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ. კომპანიას წინადადებებიც აქვს, თუმცა ჩვენ რაღაცებს შეიძლება ვითვალისწინებდეთ და რაღაცებს ვერა. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და შემდეგ გვეცოდინება დეტალები". - თქვა ლევან დავითაშვილმა.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ. კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა.

მიმდინარე წლის იანვარში, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ კომპანია ენკა უფრო მოქნილი გახდება, კომუნიკაციაში შევა მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხებს და დაბრუნება ენდომება, ამაზე მთავრობა ინვესტორთან ისაუბრებს. "თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენც და ინვესტორსაც ურჩევნია, დავცილდეთ, ესეც გვინდა დავის გარეშე მოხდეს, ურთიერთმისაღები პირობებით". - თქვა თურნავამ.

2021 წლის დეკემბერში კი ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ კომპანია ენკას გასვლის შემთხვევაში ნამახვანჰესის პროექტი მომავალში სახელმწიფომ ან რომელიმე სხვა ინვესტორმა განახორციელოს. მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გათვალისწინებით, ჰესი მაინც აშენდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით წარიმართებოდა, თუმცა  რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს.

კომენტარები