ნამახვანჰესი

ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს ეხმაურება - უწყება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე წერს, რომ ის გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას, დაინტერესებულმა ძალებმა კი ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები გამოიყენეს.

"თურმე, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე სუს-ის მიმართ პერფორმანსები ყოფილა. რომ არ იყოს ვითარება, რომელშიც ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ამ ხალხისთვის აქვს ჩაბარებული, უბრალოდ, დასაცინი იქნებოდა. ამ შემთხვევაში, დაცინვასთან ერთად, მძიმე მდგომარეობაა - ყველაფერთან ერთად, რაც ვიცით სუს-ის დღევანდელი პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომ პოლიტიკურ პოლიციად არის ქცეული და სხვა ფუნქციები აღარ აქვს, ასეთი რამის თქმის უფლებას რომ აძლევენ თავს, ასეთი ბოდვის, კიდევ ერთი დიაგნოზია. 

შეეძლოთ, პირდაპირ ეთქვათ, თავისუფლება არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვისო. ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი, მათთვის თავისუფლების გამოვლინებები არის საფრთხე და ხალხს ეუბნებიან, რომ, აი, დესტაბილიზაცია მოხდება, რადგან ჩვენ მწვავედ გვაკრიტიკებენ ან როგორც სუს-მა თქვა საოცრად, პერფორმანსებს გვიწყობენო. ყველაზე მთავარი ეს არის - სულ რომ არ ვიცოდეთ არაფერი, ადამიანი რომ ამ განცხადებას ნახავს, მარტო ამით შეიძლება მიხვდეს, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, სანამ ეს რეჟიმი, ეს კაცი - ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი, მის მიერ ორიენტაციამიცემული ეს სტრუქტურაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში". - ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას სიტყვებით, სუს-ი აღწერს ვითარებას, რომ არსებობს "რბილი ძალა" რომლის მოქმედების შედეგად მთავრობამ ქვეყნისთვის "მართლა უაღრესად საზიანო გადაწყვეტილება" მიიღო -  საინვესტიციო, ენერგეტიკის, კლიმატის თვალსაზრისით. 

"ანუ, პრაქტიკულად, ისეთ გახრწნის მდგომარეობაშია ეს რეჟიმი, რომ შეიძლება მათი სუსის მოხსენებაში წაიკითხო, ოღონდ, ბუნებრივია დასახელების გარეშე პასაჟი, რომელიც აღწერს ვითარებას, რომ ჩვენი ხელისუფლება ასრულებს დაკვეთებს, რომელიც ყველა მიმართულებით ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა". - ამბობს ბოკერია.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანგარიში გუშინ, 18 აპრილს გამოაქვეყნა

"2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას". - ვკითხულობთ ანგარიშში.  

საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.

კომენტარები