ნამახვანჰესი

კუჭავა შეხვედრაზე: ფიზიკურად შეუძლებელია, ეს საკითხები განხილული იყოს ასეულობით ადამიანთან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიერ შეთავაზებული შეხვედრის ფორმატი არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. კუჭავა ამბობს, რომ შეუძლებელია, ეს საკითხები ასეულობით ადამიანთან ერთად იყოს განხილული. 

"ჩემი აპარატიდან შეხვედრასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და რეალურად მომესმინა, რამდენად არის და ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება, ან იქნებოდეს შეთანხმება მიღწეული, ან არა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, ეს საკითხები განხილული იყოს ასეულობით ადამიანთან, მითუმეტეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, Facebook-ზე". – თქვა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კარი ყოველთვის ღიაა და შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ. 

"​ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. [...] ჩემი შეთანხმება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც, ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაღაც პირობებზე უნდა მესაუბრა. მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან". – თქვა კუჭავამ. 

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.  


მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები