თურქული კომპანია ENKA İNŞAAT-ის განცხადებით, ნამახვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დასრულდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რომელშიც კომპანიამ საქართველოს მოუგო და საქართველოს მთავრობას დაევალა, კომპანია ENKA Renewables-ს $383.2 მილიონი გადაუხადოს.
"მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი [ხელშეკრულების] შეწყვეტის თაობაზე დამთავრდა და გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა [Enka Renewables LLC.] ხელშეკრულება კანონიერად გაწყვიტა, და საქართველოს მთავრობას დაევალა, დაახლოებით $383.2 მილიონის კომპენსაცია ჩვენს შვილობილ კომპანიას გადაუხადოს, პროცენტებთან ერთად". - წერია კომპანიის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.
საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.