ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, "დღეს გამარჯვებით დასრულდა ფოთელი პედაგოგის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მოგონილი ბრალდებებით, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს".
საუბარია ფოთის მე-15 საჯარო სკოლის გათავისუფლებულ პედაგოგ იგორ კეკელიაზე. მიგინეიშვილი სასამართლოში მის უფლებებს იცავდა.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე ეკატერინე მაღრაძემ უკანონოდ და ბათილად ცნო სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, სკოლას დაევალა კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება.
"სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება სასამართლომ უკანონოდ და ბათილად ცნო.
სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება.
იმის გამო, რომ სკოლამ უკვე სხვა პედაგოგი დაასაქმა, იგორ კეკელიას სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა - რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მასწავლებლებისა და მშობლების
დაკითხვის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:
- იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.
- პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.
- ასეულობით მშობელმა ერთიანი განზრახვით დაიწყო იგორ კეკელიას წინააღმდეგ სტრატეგიული დევნა, მისი სკოლიდან გათავისუფლების მიზნით, მას შემდეგ, რაც გაიგეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.
- მასწავლებელი პროფესიული ეთიკის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2019 წლიდან მას არცერთი დისციპლინური გაფრთხილება არ ჰქონია.
- სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში გაგრძელება და ვითარების განმუხტვის ნაცვლად, უკანონოდ ჩატარებული დისციპლინური და სამეურვეო საბჭოს სხდომების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ეს იყო რამდენიმე თვიანი მძიმე და რთული ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ სცადეს ზეწოლა როგორც პედაგოგზე, ისე ჩემზე.
დაუმსახურებელი ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა ამ პროცესის ნაწილი იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.
იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია ყველა უფლებადარღვეული მოქალაქისთვის - იბრძოლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე მიუხედავად მძიმე შინაგანი მდგომარეობისა
მადლობა მოსამართლე ეკატერინე მაღრაძეს". - წერს მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, 11 იანვარს პედაგოგი TV პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო პროკურატურას ჯერ არ დაუდგენია.
იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 30 დეკემბერს კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს.
მასწავლებლის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო.




