ნამახვანჰესი

ჰარცელი ნამახვანჰესზე: მხარეებს მოვუწოდებ დიალოგისკენ, პლატფორმის შექმნისკენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობასა და საპროტესტო აქციებს ეხმაურება. ჰარცელი ხელისუფლებასა და აქტივისტებს დიალოგისკენ და ერთიანი პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს.

"მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ". – თქვა ჰარცელმა საზმაუს ცნობით.

მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია 23 მაისს დაიწყო.

პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა 23 მაისს ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, შეუძლებელია, საკითხები განხილული იყოს ასეულობით ადამიანთან ერთად. კუჭავამ აქტივისტებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები