რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სია

რუსეთმა აშშ და ჩეხეთი "არამეგობრულ ქვეყნებად" გამოაცხადა

REUTERS

14 მაისს რუსეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩეხეთის რესპუბლიკა ოფიციალურად გამოაცხადა "არამეგობრულ სახელმწიფოებად" . 

აშშ-ს დიპლომატიურ მისიას აღარ შეეძლება ადგილობრივების დასაქმება, ხოლო ჩეხეთის მთავრობას მაქსიმუმ 19 ადგილობრივის დასაქმება შეეძლება.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებას, რომლითაც ქვეყნებს აკისრიათ დიპლომატიური მისიების მოწესრიგებული ფუნქციონირების ვალდებულება.

ჩეხეთი რუსეთის ქმედებას ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავებად აღიქვამს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის სახელით პრაღას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. მისი განცხადებით, რუსეთის ქმედება ძირს უთხრის დიპლომატიურ ურთიერთობებს.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

რუსეთის მთავრობას "არამეგობრული ქვეყნების" სიის შედგენა დაევალა.

კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთში, ვრებეტიცაში იარაღის საწყობზე აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. აფეთქებებთან დაკავშირებით ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან.

ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად ბალტიის ქვეყნებმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები და დიპლომატები გააძევეს.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მალე ელის. 26 აპრილს კრემლის სპიკერის,  დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნამდვილად ზაფხულის თვეებში იგეგმება. მანამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები