აშშ-რუსეთი

ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინს მალე შევხვდები

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მალე ელის. 

პუტინთან ივნისში შესაძლო შეხვედრაზე ის პასუხობს: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული თარიღი თუ ადგილი. ამაზე ვმუშაობთ".

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან სამხედრო შეიარაღება გაძლიერებული აქვს, მას პუტინთან შეხვედრა უნდა:

"ეს გავლენას არ ახდენს ჩემ სურვილზე, რომ პირისპირ შევხვდე მას და თქვენ შეამჩნევდით, მას ადრე უფრო ბევრი ჯარი ჰყავდა [უკრაინის საზღვართან]".

უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებულ დამატებით სამხედრო ძალას უკან აბრუნებს, რუსეთმა დიდი რაოდენობის ჯარისკაცები და აღჭურვილობა კვლავ ადგილზე დატოვა.

თეთრი სახლის სპიკერის, იენს საკის თქმით, ისინი რუსებთან სამიტის საკითხზე მუშაობენ:

"ლოჯისტიკის საკითხებზე ვმუშაობთ - ადგილი, დრო, დღის წესრიგი - ყველა კონკრეტული საკითხი".

იენ საკიმ თქვა, რომ არ არის აუცილებელი, აშშ-რუსეთის მრავალი უთანხმოება სამიტის წინ გადაიჭრას. 

"ცხადია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ღირებულებები - ყველა ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თავიანთ კოლეგებთან წამოსწიეს. თუმცა მოწვევა, რომ [ბაიდენმა და პუტინმა] ჰქონდეთ დისკუსია იმ პირობით არ შევთავაზეთ, რომ ყველა საკითხი წინასწარ გადაჭრილიყო. ჩვენ ველით, რომ კვლავ უთანხმოებები გვექნება". - აღნიშნა საკიმ.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ რუსეთი პუტინი-ბაიდენის შეხვედრის შესაძლებლობაზე მსჯელობს. 

"ჩვენ ვითარების ანალიზს ვაგრძელებთ". - პესკოვი პასუხობს შეკითხვაზე რუსეთი ოფიციალურად დათანხმდა თუ არა სამიტის გამართვის შემოთავაზებას. 

26 აპრილს კრემლის სპიკერის,  დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნამდვილად ზაფხულის თვეებში იგეგმება.

მანამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები