აშშ-რუსეთი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრა შესთავაზა

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან " უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა". 

​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე არსებული საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ.

საუბრისას ლიდერებმა განიხილეს გლობალური და რეგიონალური საკითხები, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის მისწრაფება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის რეჟიმში იმუშაონ და ითანამშრომლონ იარაღის კონტროლთან და უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა. რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშების თანახმად, სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწტყვეტის რეჟიმი. შეთანხმების დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

კომენტარები