აშშ-რუსეთი

პესკოვი ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე: ზაფხულის თვეებში იგეგმება

კრემლის სპიკერის,  დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნამდვილად ზაფხულის თვეებში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

"ნამდვილად, გარკვეული წინადადებები გაჟღერდა, თარიღს ჯერჯერობით ვერ განვსაზღვრავ. თარიღზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა. საუბარი ნამდვილად ზაფხულის თვეებში მიდის. კიდევ მრავალი ფაქტორის გაანალიზებაა საჭირო, რათა რაღაც საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ დასახელებულა [სადაც შეხვედრა გაიმართება]". – თქვა პესკოვმა.

აქამდე, 25 აპრილს ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. 

უშაკოვის ცნობით, უკვე განიხილება "კონკრეტული თარიღები" ივნისში, თუმცა ეს თარიღები არ დაუკონკრეტებია. პუტინის თანაშემწის თქმით, შეხვედრის ჩატარების განზრახვაზე ამერიკული მხარიდან "არის სიგნალები", თუმცა სამუშაო დონეზე სამიტის განხილვა ჯერ არ მიმდინარეობს.

"ჯერ არ არის [განხილვა სამუშაო დონეზე], თუმცა სიგნალი მიღებულია, განვიხილავთ". – თქვა უშაკოვმა.

აქამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

 

კომენტარები