რუმინეთი-რუსეთი

რუმინეთი ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატს აძევებს

ბოგდან აურესკუ
EPA

ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატს რუმინეთიც აძევებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბუქარესტში, რუსეთის საელჩოში ვიცე სამხედრო, ატაშე ალექსეი გრიჩაიევი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება.

სამინისტროს განცხადებით, მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვენის კონვენციას. 

26 აპრილს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ რუსეთის ელჩი, ვალერი კუზმინი, გამოიძახა. 

ეს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების ბოლო შემთხვევაა. აპრილში რუსეთსა და რამდენიმე დასავლურ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ამასთან ერთად, 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა. პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმაც მიიღეს

აღსანიშნავია ისიც, რომ 24 აპრილს რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და პოლონეთის საელჩოს 5 პირი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოსკოვის ეს ქმედება მოჰყვა ამავე თვეში, 15 აპრილს, პოლონეთში აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად სამი რუსი დიპლომატის გაძევებას.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

კომენტარები