უკრაინა-NATO

კულება: NATO-ს ზოგი წევრი ღელავს, რომ უკრაინისთვის MAP რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, თქვა, რომ მომავალ თვეში NATO-ს სამიტზე უკრაინა MAP-ის მიღებას არ ელის, რადგან ალიანსის ზოგი წევრი სახელმწიფო ღელავს, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს.

"რაც შეეხება დაბრკოლებებს, სამწუხაროდ, მოკავშირეებს შორის კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ლოგიკით, რომ რუსეთის პროვოცირება არ უნდა გამოიწვიონ და თვლიან, რომ ჯდომა და არაფრის კეთება საუკეთესო გზაა რუსეთის სიმშვიდის შენარჩუნებისთვის".

7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს Twitter-ზე მიმართა, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება იმისათვის, რომ აგრესია დაასრულოს.

9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიტვა NATO-ს წევრ ქვეყნებს შესთავაზებს, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) მისცენ.

15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც ზელენსკიმ თქვა:

"მე სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ".


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნიდა. 

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვს თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში.

დაძაბულობის ფონზე აქტიური კომუნიაკაცია გაიმართა უკრაინულ მხარეს და ნატო-სა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის. 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც.

დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებშიც გაგრძელდა. 14 აპრილს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. 21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გამოიწვიონ. ამავე დღეს, ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. მომდევნო დღეს პუტინმაც შესთავაზა ზელენსკის შეხვედრა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1 მაისამდე თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნებულიყვნენ. 23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო გაიყვანა და მნიშვნელოვანი ძალა კვლავ ადგილზე რჩება. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, 80 000-მდე სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა დარჩენილი,  2014 წლის შემდეგ მათი ამ ტერიტორიებზე თავმოყრის ჯერ კიდევ უდიდესი რაოდენობაა.

კომენტარები