დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: NATO ომის დასრულების ერთადერთი გზაა, MAP-ი რუსეთისთვის რეალური სიგნალი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს Twitter-ზე მიმართა, სადაც ის წერს, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება, რათა აგრესია დაასრულოს.  

"იენ სტოლტენბერგ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმისთვის, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. NATO დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი რუსეთისთვის რეალური სიგნალი იქნება". –მიმართავს ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს.

პენტაგონში ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა NATO-ს წევრ ქვეყნებს, რომ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერონ. 

განცხადებას უკვე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. მან თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები არ მიიღებენ NATO-ს წევრობას და მსგავსმა რიტორიკამ დონბასში ვითარების დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს:

"ჯერჯერობით უკრაინული მხარისგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სურვილს, რომ რამენაირად დაწყნარდნენ და მტრულ თემებს მოშორდნენ".


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

კომენტარები