სოციალური მედიის აკრძალვა

ბრიტანეთის პრემიერმა 16 წლამდე ბავშვებისთვის რიგი სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

REUTERS/Hollie Adams/Illustration/File Photo

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების რიგი აპლიკაციების გამოყენება აკრძალა, რასაც პრემიერმა "ქვეყნისთვის დიდი მომენტი" უწოდა. 

გამოცემა Times-ის ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება TikTok-ს, Instagram-ს, Facebook-ს, X-ს, Youtube-ს, Snapchat-ს, Threads-ს, Twitch-ს, Kick-სა და Reddit-ს.

სტარმერის თქმით, თუ ტექნოლოგიური კომპანიები მავნე კონტენტისგან და ეკრანთან გადაჭარბებული დროის გატარებისგან ბავშვების დაცვის მიზნით გადადგმულ ამ ნაბიჯს წინააღმდეგობას გაუწევენ, ის მათ დაუპირისპირდება: "არ ვარ მზად, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებისა და ბედნიერების საკითხში კომპრომისზე წავიდეთ." – დაამატა მან.

მანამდე, 9 ივნისს, Sky News-თან საუბრისას ტექნოლოგიის მინისტრმა ლიზ კენდალმა განაცხადა, რომ კონსულტაციებისას 10-დან 9 მშობელი მსგავს აკრძალვას მიემხრო.

"ის, თუ როგორ უზრუნველვყოთ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დებატებს წარმოადგენს." – აღნიშნა სტარმერმა აკრძალვის გამოცხადებისას.

კომენტარები