უკრაინა-NATO

უკრაინა ახლა ყველაზე ახლოს არის NATO-ში გაწევრიანებასთან – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 20 აპრილი, 2023.
AP Photo/Efrem Lukatsky

28 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

სტოლტენბერგის თქმით, NATO ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს უკრაინის წევრობას, რომელთანაც უკრაინა ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

“პირველი, ჩვენ შევამოკლეთ თქვენი გზა NATO-ში საჭირო ორი ნაბიჯიდან ერთ-ერთის, MAP-ის, ამოღებით. მეორე, ჩვენ შევთანმხდით პროგრამაზე, რომლითაც უკრაინის თავდაცვის ძალები მისი მომავალი პარტნიორების ძალებთან შეთავსებადი იქნება. მესამე, ჩვენ დავაარსეთ NATO-უკრაინის საბჭო, სადაც შეგვიძლია ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რითიც ჩვენი პოლიტიკური კავშირები უპრეცენდენტო დონეზე გავაძლიერეთ. ამ სამი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უკრაინა ახლა ყველაზე ახლოსა არის NATO-ში გაწევრიანებასთან”.  თქვა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ომში უკრაინის სიძლიერესა და რუსეთის სისუსტეს გაუსვა ხაზი.  

“უკრაინა ეტაპობრივად ძლიერდება თავის კონტრშეტევაში. ამ დროს, რუსეთი დამცირებულია მსოფლიოს სცენაზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებს, არ ესწრება საერთაშორისო სამიტებს და იძულებულია, იარაღი მოიპოვოს ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა”.  თქვა მან.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაძლიერება რუსეთის აგრესიის დასასრულს აახლოებს. მისი აზრით, ომის სამართლიანი გზით დასრულება მხოლოდ ასე არის შესაძლებელი.

“უკრაინის მომავალი NATO-შია. სანამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რომ ამ მომავლისთვის მოგამზადოთ, NATO იდგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”.  თქვა გენერალურმა მდივანმა.


17 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Funke Mediengruppe-სთან ინტერვიუში თქვა, რომ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს.

"ომების უმეტესობა უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე დასაწყისშია მოსალოდნელი. სწრაფი მშვიდობა ყველას გვსურს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პუტინი და რუსეთი დაყრიან იარაღს, მშვიდობა გვექნება." – თქვა სტოლტენბერგმა. 

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს რუსული თავდაცვის გარღვევა და კონტრშეტევისას პროგრესს მიაღწიეს.

"უკრაინელები თანდათან აღწევენ წარმატებებს... მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ... ისინი პროგრესს აღწევენ. ალბათ არა იმდენს, რამდენსაც ვიმედოვნებდით, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. დღეში რამდენიმე ასეული მეტრით."  - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები