ვაქცინაცია

NCDC: კორონავირუსის ვაქცინით აცრილია 47 949 ადამიანი, ორივე დოზა 7 009 პირმა მიიღო

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 47 949 ადამიანი აიცრა, მათგან ვაქცინის ორივე დოზა 7 009 პირმა მიიღო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწო. სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთნენ.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.

ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს. 

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.


საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები