ვაქცინაცია

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

www.collective-evolution.com

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

პირადი მონაცემების შევსების პარალელურად, რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას". – წერია რეგისტრაციის პორტალზე.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები 15 მარტიდან მიმდინარეობს. Pfizer-ის 29 500 დოზით ვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყო. ამჟამად, ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, ორგანოგადანერგილ პაციენტებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.

 

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები