ვაქცინაცია

გაბუნია: Sinopharm-ი შევიძინეთ იმ დაშვებით, რომ WHO აპრილის ბოლომდე მისცემს ავტორიზაციას

ჩვენ, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს სინოფარმი აპრილის ბოლომდე, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა" – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

გაბუნიას თქმით, სამინისტრო აგრძელებს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან კომუნიკაციას ჩინურ ვაქცინა Sinopharm-თან დაკავშირებით, თუმცა გაბუნიას თქმით, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას.

"ჩვენ, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს სინოფარმი აპრილის ბოლომდე, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა და რა თქმა უნდა თვალს ვადევნებთ და ვაგრძელებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაციას, იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა რომელიმე ქვეყანაში სინოფარმის მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის გახდეს მაშინვე ცნობილი. ამდენად, რა თქმა უნდა ეს პროცესი არის ძალიან აქტიური".


გაბუნიას თქმით, როგორც Astrazeneca-ს და Pfizer-ის შემთხვევაში, მოსახლეობას Sinopharm-ის არჩევაც შეეძლება და ამ უკანასკნელზე გავრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ქვეყანაში აქტიურ ვაქცინებზე.


"ვაქცინაციის პროგრამაში Sinopharm-ი დაიკავებს იმ ადგილს, რაც უკავია სხვა ვაქცინებს. ამდენად, აქ არჩევანის უფლებაც იმავე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება Astrazeneca-ს და Pfizer-თან მიმართებაში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, ბუნებრივია, და ყველა სხვა წესი, რომელსაც ექვემდებარება სხვა ვაქცინა, გავრცელდება სინოფარმაზეც. ეს არის აბსოლუტურად იმავე პირობით, 55 წლის ზემოთ ვართ ახლა ამ რეჟიმში და სამედიცინო პერსონალი. მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სინოფარმის სასარგებლოდ". – თქვა გაბუნიამ

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ჩინური ვაქცინის გამოსაყენებლად მომავალი კვირიდან უკვე მზად იქნება, თუმცა გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის დასაწყებად სამინისტრო ელოდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას, რაც მეტ ნდობას გააჩენს საზოგადოებაში მოცემული ვაქცინის მიმართ.

"სინოფარმით ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკვე მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, ეს არის 2 კვირაზე ვსაუბრობთ. დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის, სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს სინოფარმის გამოყენებისთვის და არჩევანიც, შესაძლოა, მოქალაქემ გააკეთოს, მაგრამ, რადგან მაინც ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება მას შემდეგ, რაც მიიღებს ავტორიზაციას". – ამბობს გაბუნია

Sinopharm-ის ვაქცინა შექმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა 2020 წელს. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის ცნობით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 28 200 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. აქედან აიცრა 8 000-მდე ადამიანი. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელს ზემოთ პირებსაც, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს, 6 საათიდან, 55 წელს ზემოთ პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყება. რეგისტრირებულ პირებს აცრისთვის ვიზიტზე მისვლა 5 აპრილიდან შეეძლებათ.

კომენტარები