ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაიწყება.
"ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს". - თქვა გაბუნიამ.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
- შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- მკურნალობის ქვეშ მყოფი C ჰეპატიტის მქონე პირები;
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- ორსულები;
- 60 წელს გადაცილებული, ხანდაზმული პირები;
- სკოლების პედაგოგები;
- ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები;
- სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.