ვაქცინაცია

ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები უკვე აღირიცხა, რისკ-ჯგუფები ყურადღებით უნდა იყვნენ

IPN

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, კერძოდ, ოქტომბრის თვეში, ლუგარის ლაბორატორიამ გრიპის ვირუსის შემთხვევები აღრიცხა. ჩხაიძის თქმით, ოქტომბერში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათადია, თუმცა, ქვეყანაში ორივე - A და B ტიპის გრიპის ვირუსი უკვე ცირკულირებს.

"როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, თუმცა წელს უკვე აფიქსირებს ლუგარის ეროვნული ლაბორატორია გრიპის ვირუსის შემთხვევებს. შემთხვევები ერთეულია, თუმცა, ეს ფაქტი მაინც საყურადღებოა. 2019 წლამდე, ჩვენ ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად გვქონდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. 2019 წლამდე, როდესაც გრიპის ვირუსის სეზონურობაზე ვსაუბრობდით, შემთხვევების მატება იწყებოდა გვიანი შემოდგომა - ზამთრიდან გაზაფხულამდე. პანდემიის აქტიური პერიოდის შემდეგ, 2022 წელს კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც გრიპის შემთხვევის მატება ზაფხულშიც ფიქსირდებოდა.

ჩვენ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები"  - უთხრა ჩხაიძემ ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან რისკის ჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ აცრას შეძლებენ.

"როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“ - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.


16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინის  200 000 დოზა შეიძინა.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კომენტარები