ვაქცინაცია

რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის – NCDC-ის განმარტება

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გზამკვლევს აქვეყნებს. NCDC-ის ცნობით, აცრის მსურველებმა:

  • უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი booking.moh.gov.ge-ზე
  • სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეთ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე
  • რეგისტრაციას შემდეგ აცრის კაბინეტში გაივლით ექიმთან კონსულტაციას
  • ვაქცინის გაკეთების შემდეგ გადმოგეცემათ აცრის ბარათი
  • ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით 30-45 წუთი დაყოვნდებით სამედიცინო პირის მეთვალყურეობის ქვეშ
  • ვაქცინაციას შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები
  • თუ აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები გაწუხებთ ან არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში, უნდა მიმართეთ ოჯახის ექიმს ან დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

5 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 11 603 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 758-მა პირმა გაიკეთა აცრა.

5 აპრილიდან საქართველოში ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ ასაკის მოქლაქეები ჩაერთნენ. პროცესში ასევე ჩაერთო პოლიციისა და ჯარის სამსახურები სათადარიგო სიის სახით. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.

კომენტარები