ტაივანი-ჩინეთი

ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის ყველაზე მეტი, 25 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა

ტაივანის საჰაერო ძალების F-16 (დაბლა) და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების H-6 (მაღლა) ტაივანთან. 2020 წლის 10 თებერვალი.
ჩინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო / AP

12 აპრილს ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 25 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა.

გასული წლიდან ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად იჭრებიან, თუმცა ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა იყო. 

ტაივანის საჰაერო ზონაში სხვა თვითმფრინავებთან ერთად შეიჭრა ბირთვული ბომბდამშენი და საბრძოლო თვითმფრინავები. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ჩინეთის საჰაერო ძალების გასაფრთხილებლად საბრძოლო თვითმფრინავები გააგზავნეს. ჩინეთის მხარე ამგვარ შეჭრაზე ხშირად ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია და ხაზს უსვამს ქვეყნის მზაობას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი.

9 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ახალი მითითებები, რითაც უფრო შეამსუბუქეს აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე დაწესებული შეზღუდვები, რაც ჩინეთის ზრდადი საფრთხის პირისპირ ტაივანის ოფიციალურ პირებთან გაღრმავებულ ურთიერთობებს მოიცავს. პეკინის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ამ ფაქტს მოჰყვა.

13 აპრილს სწორედ ეს საკითხი გააპროტესტა ჩინეთმა ტაივანის საკითხზე აშშ გააფრთხილა, "ცეცხლს ნუ ეთამაშებიან". ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აშშ-ტაივანის ნებისმიერი სახის ოფიციალური კავშირები. 

თავდაპირველად მიმდინარე წლის 10 იანვარს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით მოიხსნება შეზღუდვები, რომლებიც აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე იყო დაწესებული.

11 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ტაივანისთვის ჩინეთის საფრთხეზე საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ძალით ტაივანში სტატუს-კვოს შეცვლა სერიოზული შეცდომა იქნება.

აღსანიშნავია, რომ 31 მარტს ტაივანმა დააანონსა, რომ აშშ-სგან Lockheed Martin Corp’s Patriot-ის განახლებულ სარაკეტო სისტემას შეისყიდის. გასული წლის აგვისტოში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაივანმა აშშ-სგან 62 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასარიდებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. 

26 მარტს ტაივანმა და აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელი მოაწერეს პირველ შეთანხმებას, რომლითაც მათ დააარსეს სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფი, რათა მათ სანაპირო დაცვის პოლიტიკის საკითხებზე ითანამშრომლონ. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებულ ახალ, სანაპიროს დაცვის კანონს, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას. 

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის, თუმცა აშშ ტაივანის უდიდესი მოკავშირე და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. 

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას.

კომენტარები