აშშ-იაპონია-ტაივანი

აშშ და იაპონია ჩინეთი-ტაივანის დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ – KYODO

ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo News იაპონიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროების თანახმად, ეს საკითხი შეხვედრისას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა იაპონიის თავდაცვის მინისტრთან, ნობუ კიშისთან წამოჭრა, თუმცა არ ყოფილა იმის განხილვა, თუ როგორ ითანამშრომლებენ ქვეყნები ამგვარ საგანგებო სიტუაციაში რეაგირების დროს. 

მათი თქმით, კიშიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს გაზრდილია ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ტაივანის სრუტის შუალედური ხაზის გადაკვეთის შემთხვევები და ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, უნდა შეისწავლონ გზები, რომ ტაივანის დასაცავად იაპონიის თავდაცვითმა ძალებმა აშშ-ს ძალებთან ერთად ითანამშრომლონ. 

ტოკიო ჩინეთი-ტაივანის სრუტეშორისი დაძაბულობის მშვიდობიან გადაჭრას მხარს უჭერს. 

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გამოსცეს განცხადება, რომლის თანახმად, ტაივანსა და ჩინეთს მოუწოდებენ ტაივანის სრუტეში სიმშვიდისა და სტაბილურობისკენ. 

იაპონიაში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა იაპონელ კოლეგებთან ერთად შეშფოთება გამოხატეს ჩინეთის ქცევაზე ჰონგ-კონგში, სინძიანგში და სხვაგან. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთის ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო წესრიგს. 

"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც ჩინეთი გამოიყენებს იძულებასა და აგრესიას". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

იაპონია და აშშ მზად არიან, "შეეწინააღმდეგონ არეულობისა და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებას რეგიონში სხვების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის კანონზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას".

მათ ასევე განიხილეს ვაშინგტონის "ურყევი მზაობა" - დაიცვან იაპონია ჩინეთთან დავაში აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, მის კუნძულებზე. ასევე, აშშ კვლავ ეწინააღმდეგება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის უკანონო პრეტენზიებს. 

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას

კომენტარები